პარლამენტში მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციაზე მსჯელობენ, პარალელურად კი შენობასთან დეკრიმინალიზაციის მომხრეების აქცია მიმდინარეობს. აქციაში მოქალაქეები, “გირჩის” წარმომადგენლები და ორგანიზაცია “2 ივნისი” მონაწილეობს.

“გირჩის” ქუთაისის ოფისის თავმჯდომარე თემურ ცამციშვილი ამბობს, რომ მოქალაქეებს მარიხუანას მოხმარების გამო არ უნდა იჭერდნენ:

“იმედი გვაქვს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება მოქალაქეების უწყინარი ქცევის გამო დაპატიმრება. ჩვენ ვითხოვთ, რომ მარიხუანას მოხმარების გამო ადამიანი არ მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში. შემდეგ ვნახოთ რა იქნება, ველოდებით შედეგებს.”

ქუთისში მცხოვრები დავით ბერაძე მიიჩნევს, რომ მოქმედი კანონი ადამიანების წინააღმდეგაა მიმართული:

“მოსაწევის დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს. ეს არ არის ისეთი მავნე ჩვევა, რომ ისჯებოდეს კანონით, აბოროტებდეს ადამიანს და სვამდეს ციხეში, კარგ ხასიათზე ყოფნის გამო ადამიანი არ შეიძლება კრიმინალი ხდებოდეს. უმუშევარი ადამიანი რატომ უნდა იხდიდეს 500 ლარს, რატომ უნდა გაბოროტდეს ამ 500 ლარის შოვნაში? ვერანაირ ლოგიკას ვერ ვხედავ ამაში. ის სჯობს, რომ ყველამ დავლიოთ, გავხდეთ აგრესიულები და მერე დავცხოთ ერთმანეთს დანები?  მოსაწევის გავლენის ქვეშ ადამიანი აგრესიული არ არის. იყოს მინიმალური ჯარიმა 100 ლარი, თანაც ქუჩაში ნებისმიერი  ადამიანის დაკავება არ უნდა შეიძლებოდეს.”

 

“სისხლის სამართლის კოდექსში” განსახორციელებელი  ცვლილებების მიხედვით, კანაფის, კანაფის ექსტრატის და ნაყენის, ასევე გამომაშრალი/ნედლი მარიხუანის გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონო შეძენა ან შეხახვა, ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება.

” ნარკოტიკული საშუალების – კანაფის (ზეთი, ფისი, ნაყენი, მცენარე), მარიხუანის (გამომშრალი, ნედლი)  მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა გასაღების მიზნის გარეშე, ან/და ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას მისი განმეორების შემთხვევაშიც. განმეორებით აღნიშნული ქმედების ჩადენა არ უნდა იწვევდეს პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას,”- აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ხოლო “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” განსახორციელებელი ცვლილებების მიხედვით, ამ ნივთიერებების მოხმარებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 100 ლარის ოდენობით, განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 300 ლარია.

მოქმედი კანონმდებლობით, მარიხუანის მოხმარება ისჯება 500- ლარიანი ჯარიმით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბერს არაკონსტიტუციურად სცნო კანონის ის ნორმა,  რომელიც პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანის შეძენა/შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას ითვალისწინებს.

ბექა წიქარიშვილმა, რომელიც მარიხუანის მოხმარების გამო დააპატიმრეს და 14-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, გირაოთი განთავისუფლების შემდეგ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა, რამდენად შეესაბამება სადავო ნორმით განსაზღვრული სასჯელი ჩადენილი ქმედებიდან მომდინარე საზოგადოებრივ საფრთხეს.  სასამართლომ მხედველობაში მიიღო მარიხუანის მავნე ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე, მაგრამ ამავე დროს  მიიჩნია, რომ დაუშვებელია პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის სისხლის სამართლებრივი სასჯელის- თავისუფლების აღკვეთის გამოყენება.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *