ახალი ამბები

პრემიერი პარლამენტში

30 მარტი, 2011 • 1047
პრემიერი პარლამენტში

დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრს ერთი კვირის მანძილზე პარლამენტში მინისტრების გამოსვლები უნდა შეეჯამებინა.

ნიკა გილაურის სიტყვით გამოსვლამდე,  დაახლოებით სამი საათის განმავლობაში, საპარლამენტო უმცირესობებისა და უმრავლესობის წარმომადგენლებმა სამუშაო კვირა შეაჯამეს.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა თავიანთი გამოსვლების დროს აღნიშნეს, რომ რიგ საკითხებზე მინისტრებისგან ვერ მიიღეს კონკრეტული და კომპეტენტური პასუხები.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის პაატა დავითაიას თქმით, მან ვერ მიიღო მთავრობის პასუხი, შესწავლილი აქვს თუ არა მას რიკოთის გვირაბის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 45 მილიონი ლარი; ასევე, მისივე თქმით, ვერ მიიღო პასუხი სარწყავი სისტემების რეორგანიზაციისთვის საჭირო თანხების წარმომავლობის შესახებ.

„ბიუჯეტში ამისთვის ფული არ არის გამოყოფილი. მაშინ რა თანხით მოხდება ამის გაკეთება, ვის ბალანსზე უნდა აისახოს?“ –დასვა კითხვა პაატა დავითაიამ.

გამოსვლის დროს დავითაიამ პარმალენტს წარუდგინა დევნილთა და განსახლების სამინისტროს წინ დამწვარი ნანა ფიფიას დედის წერილიც.

„კობა სუბელიანმა თავისი მოხსნების დროს არაერთხელ აღნიშნა, რომ ძალიან შეტკივა გული ამ ფაქტის გამო და ძალიან წუხს. ამ დროს კი ეს ოჯახი დღემდე ქირით ცხოვრობს. თუ სუბელიანი მართლა გულით წუხს ამის გამო, საქმით დაამტკიცოს და ერთხელ და სამუდამოდ ამ ოჯახის პრობლემა მოაგვაროს. უკვე მრცხვენია, ამდენჯერ რომ გვიწევს ამაზე საუბარი“, – თქვა დავითაიამ.

შემაჯამებელ გამოსვლებში მთავრობის მიმართ კრიტიკული სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც იყვნენ.

დიმიტრი ლორთქიფანიძემ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 120 პატიმრის გარდაცვალების გამო პასუხისმგებლობა დააკისრა.

ლორთქიფანიძემ  შსს–სა და საქართველოს მთავარ პროკურატურას პასუხი მოსთხოვა სხვადასხვა საქმეებთან დაკავშირებით, მათ შორის ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებითაც.

„ქრისტიან–დამოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ მთავრობის სრული შემადგენლობის გადაყენება მოითხოვა.

მიზეზად მთავრობის მიერ სხვადასხვა საკითხში არასწორი პოლიტიკის გატარება დაასახელა.

„მთავრობა ეფექტური კი არა, დეფექტურია. ასევე ერთი გოიმური პოზიციაც უნდა გავაჟღერო. წლების წინ, როდესაც ჩვენ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ვსაუბრობდით, მაშინ ეს გოიმურ ინიციატივად გეჩვენათ, რადგან ჯერ კიდევ ფინანსურ ოაზისებზე და სინგაპურიზაციაზე ლაპარაკობდით. ახლა კი გაგახსენდათ სოფლის მეურნეობა. ახლა ვინ უფრო გოიმია, საინტერესოა“,–თქვა თარგამაძემ.

თავის მხრივ, გამოსვლების დიდი დრო უმრავლესობამაც ოპონენტების კრიტიკას მოანდომა.

მიხეილ მაჭავარიანის თქმით, დებატებისას ოპოზიაციამ არავითარი სამოქმედო გეგმა არ წარმოადგინა და მთელი დრო მთავრობის უსაფუძვლო კრიტიკას დაუთმო.

„თქვენთვის მთავარია ლაპარაკი და არავითარი საქმე. ჩვენთვის პირიქით – საქმე ლაპარაკის ნაცვლად“, –აღნიშნა მაჭავარიანმა და უმრავლესობის მხრიდან დასტურის ნიშნად ტაშიც დაიმსახურა.

პარლამენტის წევრთა გამოსვლების შემდეგ მათ წინაშე პრემიერ–მინისტრი წარსდგა.

ნიკა გილაურის თქმით, დებატები მთავრობასა და საპარლამენტო უმცირესობას შორის ნამდვილად შედგა.

„თუმცა იმედი მქონდა, ჩვენი ოპონენტებისგან კონკრეტულ სამოქმედო გეგმებს მოვისმენდი“, –განაცხადა გილაურმა.

პრემიერ მინისტრმა რამდენიმე საკითხი გამოყო, რომელიც მთელი კვირის მანძილზე მინისტრების გამოსვლებისას ყველაზე მნიშვნელოვან სადებატო საკითხებად მიიჩნია.

წამლის ფასების ზრდა, ელექტროენერგიისა და სურსათის ვაუჩერები, საგადასახადო სისტემა, ენერგეტიკის და დევნილთა საკითხები, სოფლის მეურნეობა – ეს ის სფეროებია, რომლებზეც ნიკა გილაურმა ყურადღება გაამახვილა.

მისი თქმით, წამლის შესახებ ახალი კანონის შემოღებამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მის ფასზე და ბრალდებები წამლის ფასების ზრდასთან დაკავშირებით უსამართლოა.

„დიაბეტონი – 28%–ით, ნიმესილი – 56%–ით, ნოშპა – 54%–ით და სხვა წამლების ფასებმა საშუალოდ 40–45%–ით დაიკლო“, – განაცხადა გილაურმა.

ასევე პრემიერ მინისტრმა უახლოეს მომავალში პენსიების 100 ლარამდე გაზრდასა და მოსახლეობისთვის ვაუჩერების დარიგებაზე, როგორც ანტიინფლაციურ ნაბიჯზე, ისაუბრა.

გილაურმა საქართველოში ბუნებრივი აირის სიიაფეზეც გააკეთა აქცენტი და თქვა, რომ რეგიონის მასშტაბით, აზერბაიჯანის გარდა, საქართველოში ბუნებრივი აირი ყველაზე იაფია.

„გაზის სიიაფის გამო ქვეყანაში ინვესტიციები უფრო დიდია. არ მესმის, რატომ ჩააცივდით ამ თემას?“ – მიმართა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს პრემიერმა.

რაც შეეხება დევნილთა საკითხებს, ნიკა გილაურის თქმით, ეს ის თემაა, რომელიც 17 წლის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლებს დავიწყებული ჰქონდათ.

„დღეს რეალურად კეთდება ძალიან ბევრი რამ. ჩვენ მუდმივი საცხოვრებლით უკვე 27 ათასი დევნილი დავაკმაყოფილეთ. იმ ადამიანებს, რომლებიც ფაქტიურად ჰაერში იყვნენ გამოკიდებული, როგორც იქნა, საკუთრების განცდა გაუჩნდათ. ვეცდებით, კიდევ უფრო მეტი ადამიანის საჭიროება დავაკმაყოფილოთ“, –განაცხადა ნიკა გილაურმა.

პრემიერ–მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ კერძო და საერთაშორისო სექტორის მიერ გამოყოფილი ფინანსების ხარჯზე რეკორდულად გაიზარდა სოფლის მეურნეობის ბიუჯეტის მაჩვენებელი.

გარდა ამისა, გილაურის თქმით, ქვეყანა საერთაშორისო ბაზრებზე გადის საკუთარი პროდუქციით.  მაგალითისთვის მან ვაშლის კონცენტრატი დაასახელა.

„ასევე მინდა აღვნიშნო , რომ რთველის პრობლემა ქვეყანაში აღარ დგას და ეს ბაკურ კვეზერელის დამსახურებაა“, –თქვა პრემიერ–მინისტრმა.

ნიკა გილურის თქმით,  ოპონენტების მხოლოდ ერთ კრიტიკას ეთანხმება.

„სრულიად ვიზიარებ ქუთაისის ინდუსტრიულ ზონასთან დაკავშირებით კრიტიკას. აქ ჩვენ  ნაბიჯები უნდა გადავდგათ“, – აღნიშნა მან.

თავისი გამოსვლის მეორე ნაწილი პრემიერ–მინისტრმა მთავრობის მიერ შემუშავებულ ათპუნქტიან გეგმაზე საუბარს დაუთმო. აღნიშნულ გეგმაზე ნიკა გილაურმა პარლამენტში ერთი კვირის წინაც ისაუბრა.

ქვეყნის განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა, შემდეგ საკითხებს მოიცავს:

1.მაკროეკონომიკის სტაბილურობის შენარჩუნება ქვეყანაში; 2. საუკეთესო საინვესტიციო გარემოს შენარჩუნება და შექმნა; 3. ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის  დეფიციტის შემცირება; 4. რეგიონული სავაჭრო და ლოჯისტიკური ცენტრის განვითარება; 5. ინფრასტრუქტურის განვითარება; 6. სოფლის მეურნეობის განვითარება; 7. სოციალური პოლიტიკა; 8. მაღალხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა; 9. განათლება და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა; 10. ურბანული და რეგიონული განვითარება.

ერთი კვირის მანძილზე დეპუტატებმა, საპარლამენტო უმცირესობამ და უმრავლესობამ მინისტრთა ანგარიშებს მოუსმინეს. პარლამენტის წინაშე მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურების მინისტრები არ გამოსულან.

მასალების გადაბეჭდვის წესი