ახალი ამბები

რატომ სურთ სამხედრო რეზერვში სამსახურისთვის თავის არიდება

28 მარტი, 2011 • 1350
რატომ სურთ სამხედრო რეზერვში სამსახურისთვის თავის არიდება

25 მარტს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმადაც, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს  მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-ტაქტიკური ღონისძიების შედეგად 9 სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულების ექიმი დააკავა.

როგორც თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა ნათქვამი, ისინი ახდენდნენ ყალბი ცნობების დამზადებას და გაცემას. აღნიშნული ცნობები კი ფულადი თანხის სანაცვლოდ გაიცა სარეზერვო სამსახურისთვის უკანონოდ თავის არიდების მიზნით. ამასთან ერთად, სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში საგრძნობლად არის მომატებული საქართველოს სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის ინტენსივობა და, შესაბამისად, გაძლიერებულია აღნიშნული პროცესის კონტროლიც.

ვერ გეტყვით, სამინისტრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის ინტენსივობის საგრძნობლად ზრდას რას ეძახის, რადგან უნდა არსებობდეს რეზერვისტთა წლიური ზღრვული დადგენილი რაოდენობა და მისი შესაბამისი ბიუჯეტიც ღია უნდა იყოს. თუმცა ის ფაქტი, რომ სახეზეა მხოლოდ ქრთამის აღებაში დაკავებული ექიმები და თავად ქრთამის მიმცემი რეზერვისტები არსად ჩანან, მაფიქრებინებს, რომ ეს იყო გაფრთხილება როგორც რეზერვისტების, ასევე პოლიკნინიკის ექიმებისთვის, რომ ასეთ რამეს მომავალში ადგილი აღარ ჰქონდეს და რომ კანონდამრღვევებს გულზე კამერადამაგრებული სამხედრო პოლიციელები დარაჯობენ.

ზოგადად სამხედრო რეზერვის თემა იმდენად დახურულია, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ალბათ კითხვაც არ გასჩენია, თუ რის საწინააღმდეგოდ იყო ეს დაჭერების აქცია მიმართული, თუმცა ერთი რამ ნათელია, როგორც ჩანს, ალბათ არსებობენ პირები, ვისაც სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდება სურს, კანონით კი, გარდა შესაბამისი სამედიცინო ცნობით ერთი წლით რეზერვის გადავადებისა, სხვა არაფერი მოიძებნება. რაღა თქმა უნდა, არავინ მიესალმება ამ ხალხის ასეთი გზით სარეზერვო სამსახურის თავის არიდებას, თუმცა მათი საქციელის ახსნაც შესაძლებელია და ალბათ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ასეთ ხალხს შესაბამისი არგუმენტები გამოვაცალოთ.

დავიწყოთ იმით, რომ 2006 წლის კანონით “სამხედრო სარეზერვო სამსახური შესახებ” რეზერვში მსახური სავალდებულო ხასიათს ნაკლებად ატარებდა და აქცენტი კეთდებოდა, ძირითადად, სტუდენტებზე. კანონის თანახმად, რომელიც, სხვათა შორის, ახლაც ძალაშია, იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი 18–დღიან სამხედრო შეკრებას 3 –ჯერ გაივლიდა, მას მიეცემოდა სამხედრო ბილეთი, რაც იმას ნიშნავდა, რომ 18 –თვიან სამხედრო სავალდებულო სამსახურს ის 3-ჯერ 18 დღეში აიღებდა.

კანონის ეს ჩანაწერი იმდენად მიმზიდველი იყო სტუდენტობისთვის, რომ რიგები იყო რეზერვში წამსვლელთა სიებში. გახსოვთ ასევე, თუ რა მონდომებით აპიარებდა თავდაცვის სამინისტრო რეზერვის სისტემას, იქნებოდა ეს სატელევიზიო რგოლები, ბანერები თუ სიუჟეტები. რეზერვში მსახური იმხნად პოპულარურიც იყო და ჩვეულებრივმა მოქალაქემ ისიც იცოდა, თუ რა ვადით, რა პირობებში და სად უნდა ემსახურა. ეს გარემოებები ამცირებდა იმ ხალხის რაოდენობას, ვინც უარს იტყოდა რეზერვში მსახურზე. მართალია, კანონს ჰქონდა თავის ხარვეზები, თუმცა ზემოაღნიშნული ხიბლი მეტნაკლებად ამ ხარვეზებს ფარავდა.

მიუხედავად იმისა, რომ კანონი იგივე დარჩა, დღეს სარეზერვო სამსახურმა სავალდებულო ხასიათი მიიღო. არანაირი ინფორმაცია, გარდა რეზერვისტების პირადი საუბრებისა, არ არის საზოგადოებაში იმის შესახებ, თუ რა პირობებში უწევთ რეზერვისტებს მსახური, როგორია საცხოვრებელი პირობები, კვება, ჰიგიენის ნორმები და ასე შემდეგ. 2010 წლის 3 ოქტომბერს ისე გაიწვიეს რეზერვისტების პირველი ნაკადი სამხედრო სარეზერვო სამსახურში, რომ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურად არანაირი განცხადება, არც გაწვევამდე და არც მის შემდგომ, არ გაუკეთებია. შესაბამისად, არც ჟურნალისტებს  გაუშუქებიათ საწვრთნელი ცენტრები. რა თქმა უნდა, ეს გარემოება უარყოფითად მოქმედებს პოტენციურ რეზერვისტზე, რადგან ინფორმაციის არარსებობა ჭორების გავრცელების საფუძველს ქმნის და ამ დუხჭირ ცხოვრებაში ისედაც უხალისო მოქალაქეს, სავარაუდოდ, რეზერვში მსახურის ხალისს უკარგავს. ამას ემატება ისიც, რომ არასაჯარო სექტორში დასაქმებული რეზერვისტები სამხედრო შეკრებაზე გატარებულ დღეებში ხელფასს კარგავენ (კანონი კერძო სექტორს და მით უფრო პატარა ორგანიზაციებს არ ავალდებულებს მათთვის ხელფასის გადახდას, ხოლო არც ბიუჯეტიდან არ ხდება ამ თანხის ანაზღაურება). მეტიც, რეზერვში გაწვევის არსებული დაუხვეწავი სისტემა ქმნის ასეთი კატეგორიის ხალხისთვის სამსახურის დაკარგვის საფრხეს. გამგეობების მიერ დაუხვეწავი გაწვევის მეთოდი იმაში გამოიხატება, რომ რეზერვისტების ნაწილს მობილური ტელეფონით იძახებენ. ყოფილა ფაქტები, როცა 2 დღით ადრე აფრთხილებდნენ ხალხს ტელეფონით რეზერვში გაწვევაზე, ხოლო შესაბამის უწყისზე გამგეობებში მისვლის დროს აწერინებდნენ ხელს და შემდგომ დღეს სამხედრო შეკრებაზე მიჰყავდათ. დამეთანხმებით, რომ მხოლოდ 2 დღით ადრე ცნობა იმისა, რომ ადამიანი 2 კვირით წყდება სამუშაო ადგილს, დამსაქმებლისთვისაც და დასაქმებულისთვისაც საკმაოდ რთულია და გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს.

შესაბამისად, არის გარკვეული მიზეზები, თუ რატომ არ შეიძლება სურდეთ ჩვენი მოქალაქეების ნაწილს რეზერვში მსახური და ამ მიზეზების გამოსწორებაზე ნამდვილად სამუშაოა როგორც საკანონმდებლო, ისე სამთავრობო დონეზე, თუმცა ისევ სტატიის დასაწყისს მინდა მივუბრუნდე. მაშინ, როცა ექიმებს აკავებენ ყალბი ცნობების დამზადებისთვის ქრთამის აღებაზე და ქრთამის მოცულობა 200 ლარამდეა, რატომ არ შეიძლება ბიუჯეტში სარეზერვო სამსახურის გადავადებისთვის ლეგალურად შევიდეს თანხა.  ხომ გვაქვს დღეს კანონით სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი, რატომ არ შეიძლება სარეზერვო სამსახურის გადავადებისთვისაც მივიღოთ ამგვარი კანონი. ეს ხომ თავიდან აგვარიდებდა როგორც კორუფციულ გარიგებების საფრთხეს, ასევე მოქალაქესაც თავისუფლად შეეძლებოდა თავისი ცხოვრების ისე დაგეგმვა, რომ არც საკუთარი კარიერისთვის ევნო და არც– სახელწმიფო ინტერესებისთვის.

რამდენადაც რეზერვისტთა რაოდენობა, თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წელს საგრძნობლადაა  გაზრდილი და დაუზუსტებელი ინფორმაციით, ეს რაოდენობა ათასობით მოქალაქეს შეადგენს, ალბათ ღირს იმაზე დაფიქრება, თუ როგორ უნდა მოეწყოს სისტემა ისე, რომ არც რეზერვისტი დაზარალდეს და არც სადამსჯელო სახე არ ჰქონდეს სარეზერვო სამსახურს, რათა შედეგად არ მივიღოთ  ის ხარვეზები, რაც 2006-08 წლების სარეზერვო სისტემას ჰქონდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი