ახალი ამბები

რატომ გაითიშა ინტერნეტი?

28 მარტი, 2011 • • 1844
რატომ გაითიშა ინტერნეტი?

საქართველოში ინტერნეტის გათიშვის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით არ არის დადგენილი, თუმცა დაუზუსტებელი ინფორმაციით, მისი ერთი საათით გათიშვა ქსანთან  ცენტრალური კაბელის დაზიანებამ გამოიწვია.

ინტერნეტის გათიშვის მიზეზის დასადგენად, სს სილქნეტის და კავკასუს ონლაინის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები დაზიანების ადგილზე ჩასული სპეციალისტების შეფასებას ელოდებიან.

ამ დრომდე ინტერნეტის მიწოდება სრულად არ არის აღდგენილი, სილქნეტის აბონენტებს ნაწილობრივ აღუდგათ, რაც შეეხება კავკასუს ონლაიანს, მათ აბონენტებს  ჯერჯერობით არ მიეწოდებათ.

სს სილქნეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ნინო დარასელი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ  სათადარიგო ხაზების ხარჯზე სილქნეტის ინტერნეტი თბილისში მცხოვრებ აბონენტებს სრულად მიეწოდებათ, რეგიონებში მცხოვრებთ კი – შეფერხებით.

რეგიონებში სილქნეტის ქალაქის ტელეფონებიც ნაწილობრივ არიან ჩართულნი.

კავკასუს ონლაიანის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მის მომხმარებლებს ინტერნეტი მაქსიმუმ 21 საათამდე ჩაერთვებათ.

დღეს, დაახლოებით 17:30 საათზე, ინტერნეტი მთელი საქართველოს მასშტაბით გაითიშა.

მასალების გადაბეჭდვის წესი