ახალი ამბები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა კობა გვენეტაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

18 თებერვალი, 2016 • 1345
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა კობა გვენეტაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა პლენარულ სხდომაზე  ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე კობა გვენეტაძის კანდიდატურის განხილვას. კობა გვენეტაძის კანდიდატურა პარლამენტს პრეზიდენტმა წარუდგინა.

18 თებერვალს, კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას დეპუტატებმა კობა გვენეტაძის მოხსენება მოისმინეს, რის შემდეგაც დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ფარული კენჭისყრის შედეგად  კომიტეტმა კობა გვენეტაძის კანდიდატურის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირა. კენჭისყრაში 7 დეპუტატი მონაწილეობდა, მათგან ექვსმა კობა გვენეტაძის კანდიდატურის პლენარულს ხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირა, ხოლო ერთმა თავი შეიკავა.

სხდომაზე “ეროვნული ფორუმის” ფრაქციის წევრმა ანი მიროტაძემ ხელისუფლებასა და ეროვნულ ბანკს შორის კომუნიკაციის პრობლემაზე ისაუბრა. მისი აზრით, ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურას და ეროვნულ ბანკს ხალხის გაღარიბებაში თანაბარი წილობრივი დანაშაული მიუძღვით:

“ბატონო კობა, თქვენ კომუნიკაციის პრობლემა ახსენეთ, რომელიც რა თქმა უნდა არსებობს. მე არ განვეკუთვნები იმ ადამიანებს, რომლებიც კუდიანებზე ნადირობენ და მიმაჩნია, რომ ძალიან არასერიოზულია კუდიანებზე ნადირობა.  რა თქმა უნდა მე  არ ვეძებ დამნაშავეს, მაგრამ მგონია, რომ ამ დროის განმავლობაში კომუნიკაციის პრობლემა თუ არის ეროვნულ ბანკსა და ხელისუფლებას შორის, საქართველოს მოსახლეობის გაღატაკების ხარჯზე,  თანაბარი წილობრივი დანაშაული არის როგორც ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენლების, ისე საბანკო სექტორის. თქვენ როგორ უყურებთ ამ პრობლემას, მიგაჩნიათ თუ არა რომ ეს არის პრობლემა, მათ შორის კომუნიკაციის და მათ შორის პოლიტიკური ნიშნების ამ ძალიან ფაქიზ თემაში?”

კობა გვენეტაძის მოსაზრებით, ეროვნული ბანკი მოქმედებებში უფრო მკაფიო უნდა იყოს:

“ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი, რომ ეროვნული ბანკის მოქმედება გარკვეულწილად უნდა იყოს ასე ვთქვათ, პროგნოზირებადი. აგენტებმა უნდა იცოდნენ რა მოქმედება მოხდება, მაგრამ ძალიან ხშირად ეს არ არის გასაგები. ზოგჯერ, შეიძლება ტექნიკური ენით იყოს დაწერილი და არ იყოს გასაგები. ვფიქრობ, მესიჯების მიცემა, უფრო მეტი ახსნა, უფრო განმარტება თუ რატომ, ძალიან წაადგება ინფლაციის მოლოდინების ჩამოყალიბებას ქვეყანაში, რაც უკვე ძალიან დიდ ფგავლენას ახდენს ინფლაციაზე და ამავე დროს სანდოობას გაზრდის ეროვნული ბანკის. ”

16 თებერვალს კობა გვენეტაძის კანდიდატურას მხარი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმაც დაუჭირა. დღეს გვენეტაძეს საპარლამენტო უმცირესობაც მოუსმენს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი