ახალი ამბებისამართალი

ვინ უფრო ახლოსაა ილიასთან – პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულებთან შეხვედრა

16 თებერვალი, 2016 • 1472
ვინ უფრო ახლოსაა ილიასთან – პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულებთან შეხვედრა

ალეკო ელისაშვილის კრიტიკა და საკანომდებლო ცვლილების საჭიროება – ის ძირითადი საკითხებია, რომელზეც პარლამენტში პოლიტპატიმრების სტატუსით გათავისუფლებულებსა და უმრავლესობის დეპუტატებს შორის გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

15 თებერვალს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში  გამართლ შეხვედრაზე , კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ მიწვევის მიუხედავად შეხვედრას არ ესწრებოდნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები.

“არც ერთ მათგანს არ ეყო გამბედაობა, რომ მოსულიყო აქ და თქვენთან ერთად ესაუბრათ იმ საკითხებზე, რომლებზეც თქვენ ალბათ ხშირად ისმენთ ხოლმე ცილისმწამებლურ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს სხვადასხვა დარბაზიდან, ტრიბუნიდან, ტელეეთერებიდან”, – განაცხადა ბესელიამ შეხვედრის დაწყების წინ.

შეხვედრას არ ესწრებოდა თბილისის საკრებულოს დეპუტატი, შეწყალების კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი, ალეკო ელისაშვილი, რომელიც ბესელიას თქმით, ასევე მიიწვიეს შეხვედრაზე.

ამ შეხვედრასთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილმა 15 იანვარს განაცხადა, რომ იგი არ აპირებს “საქმის გასარჩევად” პარლამენტში მისვლას.

“საქმის გარჩევა უნდათ და საქმის გასარჩევად ქალბატონ ბესელიას ვერ ვეახლები ვერაფრით.”, – განუცხადა “რუსთავი 2”-ს ალეკო ელისაშვილმა.

ურთიერთობა ალეკო ელისაშვილსა და დეპუტატებს, ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძეს, შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც ელისაშვილმა განაცხადა, რომ შეწყალების კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ყოფნისას 2014 წელს, მანანა კობახიძე და ეკა ბესელია “კოკაინის საქმის” , ფიგურანტების შეწყალებას ელისაშვილს სთხოვდნენ. 

ელისაშვილი აცხადებს, რომ დეპუტატები მასზე ზეწოლას ცდილობდნენ. ამ საკითხზე ელისაშვილმა პროკურატურას მიმართა და გამოძიება მიმდინარეობს.

ალეკო ელისაშვილი ასევე აცხადებს, რომ მას კითხვები აქვს კონკრეტულ რამდენიმე საქმესთან დაკაშირებით და არა ზოგაგად პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლების პროცესთან.

ბრალდებების პასუხად, ეკა ბესელიამ, გამოაქვეყნა პარლამენტისადმი მიწერილი პატიმართა წერილები, სადაც შეწყალების კომისიის მისამართით უკმაყოფილებაა გამოთქმული იმის თაობაზე, რომ ისინი არ შეიწყალეს.

რაც შეეხება 15 იანვარს გამართულ შეხვედრას პარლამენტში, ბესელიამ განმარტა, რომ იგი პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებთან 2015 წლის 28 დეკებრის მიმართვის საფუძველზე გაიმართა.

ბესელიას თქმით, 215 ადამიანის აღიარება პოლიტპატიმრებად ეს იყო დიდი პოლიტიკური დარტყმა ნაციონალური მოძრაობისთვის, ხოლო კიდევ ბევრი ადამიანი დარჩა ამ სტატუსის მიღმა, რადგან როდესაც პარლამენტმა 2012 წლის დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება ამნისტიის შესახებ, ბევრი უკვე გათავისუფლებული იყო. 

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა იმას, რომ პოლიტპატიმრების სია არ იყო ბესელია-კაკაბაძის, ან კობახიძის სია, არამედ ამაზე პასუხისმგებლობა მთელმა “ქართულმა ოცნებამ” აიღო.

ილია ჭავჭავაძის დარბაზში გამართულ შეხვედრაზე დეპუტატმა განაცხადა, რომ ისინი თავს არ უნდა იმართლებდნენ, რის შემდეგაც ალეკო ელისაშვილის გაკრიტიკება დაიწყო.

“არავინ თავს არ ვიმართლებთ და მით უმეტეს, განა ვინმეს აინტერესებს ელისაშვილის აზრები?! განა ვინმესთვის საინტერესო იყო მისი აქ ყოფნა? ხომ ძალიან ცხადია, რომ ეს იყო მიზანმიმართული შეტევა ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” გამოიტანა. თუ, ვინმე დღეს ახდენს ამ სიის, ამ ადამიანების, დისკრედიტაციას, ერთადერთი მიზნით – პოლიტიკური ქულების ჩაწერისთვის. აქ არიან ადამიანები და თქვით, ვის რაში გადაუხადეთ თანხა?! სირცხვილია უბრალოდ, არც იყო ის ადამიანი მოსაწვევი და ძალიან კარგია, რომ არ მოვიდა აქ. აი, აქ ილიას სურათის წინ მე მგონი ელისაშვილი არ უნდა მჯდარიყო. კი უნდა, ილიასთან ახლოს მისვლა მინდაო, ამბობს, მაგრამ ძალიან შორს არის”, – განაცხადა კობახიძემ.

შეხვედრაზე ისაუბრეს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებმაც, რომელთაც ეკა ბესელიამ სიტყვით გამოსვლისკენ მოუწოდა, რათა ყველას თავისი სათქმელი გაეცხადებინა. გამომსვლელები საუბრობდნენ მათი საქმეების დეტალებზე, საქმეების ხელახალ გადასინჯვაზე და აღნიშნავდნენ, რომ მათ მიმართ კამპანიაა დაწყებული, ხოლო კამპანიის ინიციატორებად მათი აზრით, ალეკო ელისაშვილი ან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა”. 

გიორგი ზერეკიძემ, რომელიც შეხვედრას პოლიტპატიმრის სტატუსით ესწრებოდა,  მადლობა გადაუხადა დეპუტატებს, იმისთვის, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულება პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა.

მას იმედი აქვს, რომ მიეცემა საშუალება, რომ სასამართლოს წესით გადახედონ მის საქმეს, რადგან ეს მისი რეაბილიტაციის საშუალება იქნება.

“რაც შეეხება [პოლიტპატიმრების] სიას, ეს ბესელია-კაკაბაძის სია კი არა უფრო ნაციონალური მოძრაობის სია არის. იმიტომ რომ მათი მითითებით ხდებოდა საქმეების შეკერვა და შეთხზვა”, – განაცხადა გიორგი ზერეკიძემ.

სიტყვით გამოვიდა ჯემალ გუნდიშვილი, რომელიც მისი თქმით არის “ყინწვისის საქმის” ფიგურანტი. იგი ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილის დაწყებული კამპანია სახელმწიფოს მიერ საკუთარი დანაშაულის აღიარების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

“ეს ტალღა მოჰყვა, ჩემი აზრით, იმ ცილისმწამებლურ კამპანიას, რომელიც დაიწყო ალეკო ელისაშვილმა. ეს ადამიანი ამაში პატარა ჭანჭიკის როლს ასრულებს და სინამდვილეში უფრო დიდი ჩანაფიქრია, რომ იმ დიდი ჰუმანური აქტის გალანძღვა მოხდეს, რასაც ამ ადამიანებისთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭება და სახელმწიფოს მიერ თავისი  დანაშაულის აღიარება ჰქვია”, – განაცხადა ჯემალ გუნდიშვილმა.

შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილე ზაზა დავითაია ამბობს, კიდევ დარჩენილია 69 ადამიანი, რომლებიც იმსახურებენ პოლიტპატიმრის სტატუსს, რადგან ზოგმა უფრო ადრე დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება, ვიდრე პოლიტპატიმრების სია შედგებოდა.

“იმ კამპანიის, რომელიც თქვენს მიმართაც, იმ პარლამენტარების მიმართაც, მძვინვარებს, რომლებიც ჩვენს გვერდით იბრძოდით, საფუძველი არის სწორედ დაუსჯელობა. ჩვენ რომ თავის დროზე გაგვესამართლებინა ნაციონალური მოძრაობა და მათთვის აგვეკრძალა პოლიტიკური მოღვაწეობა დღეს თავის მართლების რეჟიმში არ ვიქნებოდით, რომ ვიღაცას თითქოს სტატუსი აქვს ნაყიდი, ვიღაცამ თითქოს ფული გადაიხადა”, – განაცხადა დავითაიამ.

შეხვედრას პრეზიდენტის წარმომადგენელმა კახა კოჟორიძე ესწრებოდა. მან აღნიშნა, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს სამართლებრივი მექანიზმი, რათა პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებმა რეაბილიტაცია შეძლონ და სამართლებრივი სასამართლოს უფლებით ისარგებლონ.

ეკა  ბესელიას კრიტიკა საქართველოს პრეზიდენტსაც შეეხო, მან გიორგი მარგველაშვილი ორმაგი სტანდრტის გატარებაში დაადანაშაულა.

“გაცილებით უფრო მტკივნეული იყო თითოეული ამ ადამიანებისთვის და ჩემთვისაც, როდესაც პრეზიდენტის მიერ, ასეთი მნიშვნელოვანი სტრუქტურის, შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ ინიშნება ადამიანი, რომელსაც აქვს ამხელა ნდობა და შემდეგ ის თავს უფლებას აძლევს და პოლიტპატიმრების მიმართ აკეთებს ასეთ განცხადებას, რომ ეს ხალხი კორუფციის შედეგად გათავისუფლდა და პოლიტიკოსები ფულს აკეთებდნენ პარლამენტში და მერე ვამბობთ, რომ ეს ადამიანი პატიოსანია და ტყუილს არ იტყვის, დიახ აქ არის პრობლემა ორმაგი სტანდარტის”, – განაცხადა ბესელიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც 2013 წლის ნოემბერში ალეკო ელისაშვილი შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარედ დანიშნა, განაცხადა, რომ როცა შეიტყო რომ ელისაშვილზე ზეწოლას ცდილობდნენ, მან ელისაშვილს დაავალა,  მასთან გადაემისამართებინა ზეწოლის ზარები, თუმცა მას შემდეგ არავის უცდია ზეწოლა.

კოჟორიძემ განმარტა, რომ ალეკო ელისაშვილმა მასზე ზეწოლის შესახებ განცხადება შეწყალების კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ყოფნისას არ გაუკეთებია. თუმცა ბესელიამ მას უპასუხა, რომ პრეზიდენტი მისი განცხადებებით, “ქვეცნობიერად იმ მხარეს დგება, სადაც ელისაშვილმა გააკეთა განცხადება”.

კოჟორიძის პასუხს, რომ ეს მხოლოს ეკა ბესელიას სუბიექტური აღმაა, დეპუტატმა ასე უპასუხა: “ეს ჩემი აღქმა არ არის, ეს არის ლოგიკა, ამიტომაც მოვიდა ეს ხალხი აქ კახა, ეს ჩემი აღქმა არ არის”.

ბაკურ კიღურაძემ, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას პოლიტპატიმრის სტატუსით, აღნიშნა სამართლებრივი ბერკეტის საჭიროება, რომელიც მას საშუალებას მისცემს საკუთარი სახელის რეაბილიტაცია შეძლოს.

“არ ვემხრობით იმას, რომ ეს სისხლის სამართლის საქმეები, რომელიც ჩამოკიდულია და გაყიდულია, შემობრუნებული იქნეს იმ თვალსაზრისით, რომ დაჭერების ახალი ტალღა დავიწყოთ. მაგრამ ხომ შეიძლება მოიძებნოს ურთიერთობის ისეთი ფორმულა, რომელიც ხელს შეუწყობს იმას, რომ ადამიანები ერთმანეთთან ახლოს მივიდნენ. რატომ არ შეიძლება რომ გულღია, კეთილსინდისიერი აღიარების შემდგომ, ადამიანებს შევუნდოთ და შევწყვიტოთ მათ მიმართ სისხლის სამართლის დანაშაული”, – განახადა კიღურაძემ.

კიღურაძის თქმით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში უნდა შევიდეს ცვლილება, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, რომ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულობა მიიჩნიონ ახალ გარემოებად.

მისი ნათქვამი უფრო მეტად განმარტა ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა, რომ სსსკ-ის 310-ე მუხლს, სადაც საუბარია ახლად გამოვლენილ გარემოებზე, რის საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ შესაძლოა გადასინჯოს საქმე, დაემატოს  მე-9 პუნქტად, ის გარემოება, რომ პირი საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით აღიარებულია პოლიტპატიმრად.

პოლიტპატიმარმა ნიკა გოგუაძემაც სურვილი გამოთქვა, რომ პარლამენტმა ამგვარი კანონი მიიღოს.

ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ, რომელიც ასვეე ესწრებოდა შევედრას, დასვა კითხვა, თუ როდის დაასრულებს პროკურატურა საქმეების გამოძიებას. ასევე მან ისაუბრა იმაზე, რომ არაერთი მტკიცებულება მიაწოდეს გამოძიებას და საკმარისი დრო გავიდა იმისათვის, რომ დამნაშავე პირებმა პასუხი აგონ.  თუმცა, შეხვედრას პროკურატურიდან არავინ ესწრებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი