ახალი ამბები

პრეზიდენტის თქმით, შეწყალების კომისიის საქმეზე 8 000 გვერდი გააგზავნა პროკურატურაში

26 დეკემბერი, 2015 • 1375
პრეზიდენტის თქმით, შეწყალების კომისიის საქმეზე 8 000 გვერდი გააგზავნა პროკურატურაში

საქართველოს პრეზდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  “იმედის ქრონიკაში” განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილის მიმართ შესაძლო ზეწოლის საქმეზე პროკურატურაში 8 ათასამდე გვერდი, დოკუმენტაციის სახით, არის გაზავნილი.

“საქმის კურსში ჩამაყენეს. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მითხრა, რომ მოთხოვნებია პროკურატურის მხრიდან. არ ვიცი, რა მოთხოვნებია პროკურატურის მხრიდან და არც მაინტერესებს. პროკურატურას თავისი პრინციპები აქვს ძიების. მე ვუთხარი ბატონ გიორგის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავაკმაყოფილოთ. 8 ათასამდე გვერდი გადაიგზავნა. მიმდინარეობს ეს თანამშრომლობა. მე ყოველთვის ვთანამშრომლობ -იქნება ეს დოკუმენტურად თუ სხვა ფორმით. ვარ ამ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც უნდა იყოს ყველაზე კანონმორჩილი. შესაბამისად, ყოველთვის მზად ვარ, რომ გამოძიებასთან ვითანამშრომლო”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა უთხრა, რომ მასზე ზეწოლას ცდილობდნენ, თუმცა პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია დეტალები. მარგველაშვილის თქმით, ელისაშვილს გაზაფხულზე, სანამ კომისიის თავმჯდომარეობას დატოვებდა, ესაუბრა და უთხრა, რომ თუ მასზე ზეწოლის მცდელობა იქნებოდა, მასთან გადაემისამართებინათ. პრეზიდენტის თქმით, ამით ეს საკითხი გადაჭრა.

ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ როცა შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო, მასზე კონკრეტული პატიმრის საქმის განხილვის მოთხოვნით ზეწოლა ხორციელდებოდა. მისი განცხადებით, პოლიტიკოსები კონკრეტული მსჯავრდებულების საქმის კრიტერიუმების გარეშე განხილვით იყვნენ დაინტერესებული, ამაში კი დიდი თანხები ჰქონდათ აღებული.

ელისაშვილის მიერ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 339–ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი