ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა კომიტეტი პოლიტპატიმრების სტატუსით გათავისუფლებულ პირებს შეხვდება

15 თებერვალი, 2016 • 1406
ადამიანის უფლებათა კომიტეტი პოლიტპატიმრების სტატუსით გათავისუფლებულ პირებს შეხვდება

დღეს, 15 თბერვალს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე  და კომიტეტის წევრები  2012 წლის 28 დეკემბერს “ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე “პოლიტიკური პატიმრის” სტატუსით გათავისუფლებულ პირებს შეხვდებიან.

ეკა ბესელიას თქმით, ე.წ. პოლიტპატიმრები ღიად იწვევენ ყველა ადამიანს, ვისაც მათი სტატუსის რეალობაში ეჭვი შაქვს:

“წერილობითი თხოვნა მივიღეთ, რომ ერთობლივი საკომიტეტო მოსმენა ჩატარდეს. პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსით გათავისუფლებული პირები ითხოვენ, რომ საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში მოხდეს კონკრეტული არგუმენტების დასახელება და კონკრეტული ფაქტების დასახელება, როგორც ელისაშვილის, ასევე ნაციონალური მოძრაობის იმ წარმომადგენლების მხრიდან, ვინც ამ ადამიანებს უწოდებს არასწორად და არასამართლიანი სტატუსით გათავისუფლებულ პირებს და ეჭვი შეაქვს მათი სტატუსის რეალობაში. ისინი ღიად იწვევენ ყველა ადამიანს, ვინც მათ  მიმართ  გამოთქვამენ ეჭვებს და მზად არიან პირდაპირ ეთრში ისაუბრონ იმ ფაქტებზე, რამაც განაპირობა მათი პოლიტიკური პატიმრობა. მეორე საკითხად აყენებენ იმას,რომ სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლება შეეზღუდათ თავის დროზე და გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებებსაც ითხოვენ. მოწვეულები არიან ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი, ამ კომიტეტის წევრები, მათ შორის ისინი, ვისაც აინტერესებს, მოიწვიეს ელისაშვილიც, როგორც ვიცი უარი განაცხადა დასწრებაზე.”

ბესელია ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილი საკუთარ ბოდვებში გაეხვა. მისივე მოსაზრებით, ელისაშვილი მასთან დებატების გამართვის მსრურველ ყველა ადამიანს ემალება:

“ელისაშვილი საკუთარ  ბოდვაში თავად გაეხვა და ვერ გაერკვა ახლა საიდან გააგრძელოს და რა გააკეთოს. ელისაშვილს თუ პოლიტმატიმრებთან დაკავშირებით რაიმე კითხვა აქვს, მასაც იწვევენ აქ.  მას თხოვენ პასუხს, რატომ მოიხსენია ეს ადამიანები, როგორც სხვადასხვა ინტერესის გამო გათავისუფლებული პირები და პირდაპირ გასცეს მათ ამ კითხვებზე პასუხი, რატომ ემალება ყველა იმ ადამიანს, ვინც მასთან დებატებისთვის მზად არის? ეს ხომ ძალიან ღია პროცესია, საზოგადოება ამას უყურებს და ძალიან კარგად შეაფასებს, თუ ვინ არის გულწრფელი, ვინ არის თვალთმაქცი და მატყუარა, რბილად რომ ვთქვა, მატყუარა. ”

დეპუტატი განცხადებით, ამნისტიის აქტის აღიარებით “სააკაშვილის რეჟიმს” ყველაზე დიდი დარტყმა მიადგა:

“ეს სხდომა კიდევ უფრო წარმოაჩენს, რომ როცა პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირების გათავისუფლებაზე, ეს იყო იმის აღიარება, რომ  საქართველოში სააკაშვილის დროს არსებობდა უსამართლო რეჟიმი და ეს იყო ყველაზე დიდი დარტყმა, რომელიც იმ რეჟიმს მიადგა ამ აქტის აღიარებით. ეს გაუთავებელი მცდელობა ამ პროცესიის დისკრედიტაციის, არ სრულდება  და გასაგებია რატომაც. ”

ალეკო ელისაშვილი ამტკიცებს, რომ შეწყლების კომისიის თავმჯდომარეობის დროს მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა მთავარ პროკურორსა და მის მოადგილეს, გიორგი გოგაძეს. გოგაძემ კი ელისაშვილი სიცრუეში დაადანაშაულა. მოადგილის თქმით,  ელისაშვილს მართლაც შეხვდა, თუმცა საუბარი შეეხებოდა არა შეწყალების კომისიას, არამედ ელისაშვილის პირად საკითხს.

რაც შეეხება ზეწოლას, ელისაშვილის თქმით, ეკა ბესელია და მანანა კობახიძე იყვნენ ის პოლიტიკოსები, ვინც მისგან “კოკაინის საქმეზე” მსჯავრდებულთა შეწყალებულთა სიაში შეყვანას ითხოვდნენ, ამაში კი თანხა ჰქონდათ აღებული.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი