ელისაშვილი აცხადებს, რომ 2014–ში პროკურატურაში მისი გადაადგილების ამსახველი ვიდეო არ მისცეს

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მთავარი პროკურატურა 2014 წელს მისი შენობაში გადაადგილების ვიდეოჩანაწერს არ აძლევს იმ მოტივით, რომ ეს ჩანაწერები მხოლოდ 1 წელზე მეტი დროის განმავლობაში არ ინახება.

ელისაშვილის განცხადებით, ეს ვიდეოჩანაწერები დაადასტურებდნენ, რომ მართლაც იყო მაშინდელი მთავარი პროკურორის, გიორგი ბადაშვილის კაბინეტში მთავარი პროკურორის მოადგილესთან, გიორგი გოგაძესთან ერთად.

” ზუსტად ვიცოდი მიპასუხებდნენ ვიდეოებს არ ვინახავთო. ერთი პატარა სერვერი უნდა ამ ჩანაწერების შენახვას არადა. ჰოდა ბევრი იფიქრეს თუ ცოტა კეზერაშვილის მაღალჩინოსნის ირაკლი შოთაძის პროკურატურაში ასეთი პასუხი გამოაცხვეს. სამარცხვინო დუქანია პროკურატურა, თან რამხლა თანხა გვიჯდება ამ არაფრის მაქნისი დაწესებულების შენახვა,”– წერს ელისაშვილი საკუთარ ფეისბუკის გვერდზე. 

ამ პასუხს ველოდი სწორედ – პროკურატურამ ვიდეოებს ვერ ვინახავთ ერთი წელიო :))) 2014 წელს პროკურატურაში ჩემი შესვლის შესახ…

Posted by Alexander Elisashvili on Monday, January 11, 2016

ალეკო ელისაშვილი ამტკიცებს, რომ შეწყლების კომისიის თავმჯდომარეობის დროს მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა მთავარ პროკურორსა და მის მოადგილეს, გიორგი გოგაძეს. გოგაძემ კი ელისაშვილი სიცრუეში დაადანაშაულა. მოადგილის თქმით,  ელისაშვილს მართლაც შეხვდა, თუმცა საუბარი შეეხებოდა არა შეწყალების კომისიას, არამედ ელისაშვილის პირად საკითხს.

 

რაც შეეხება ზეწოლას, ელისაშვილის თქმით, ეკა ბესელია და მანანა კობახიძე იყვნენ ის პოლიტიკოსები, ვინც მისგან “კოკაინის საქმეზე” მსჯავრდებულთა შეწყალებულთა სიაში შეყვანას ითხოვდნენ, ამაში კი თანხა ჰქონდათ აღებული.

ელისაშვილის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში პროკურატურა ადასტურებს, რომ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე მართლაც იმყოფებოდა პროკურატურაში ორჯერ – 2014 წლის აგვისტოში და სექტემბერში.

“მთავარი პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ჩამწერ მოწყობილობას არ აქვს შესაძლებლობა, ვიდეომასალა დააარქივოს 1 წლის ვადით,” – აღნიშნულია პროკურატურის პასუხში, რომელსაც ელისაშვილი აქვეყნებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი