ახალი ამბები

საკანონმდებლო ინიციატივა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დაფინანსების გასაზრდელად

14 თებერვალი, 2016 • 1592
საკანონმდებლო ინიციატივა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დაფინანსების გასაზრდელად

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს  დაფინანსებისათვის კანონით დაწესებული საპროცენტო განაკვეთის გაზრდას ითხოვს.

უმაღლესი საბჭოს შესაბამისი კანონპროექტი უკვე შესულია საქართველოს პარლამენტში.

„მაუწყებლობის შესახებ”  კანონის დღეს მოქმედი რედაქციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან, არანაკლებ 15%-ით,ხოლო პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ეს ზღვარი 17 %-მდე უნდა გაიზარდოს:

“აღნიშნული ცვლილება გამოწვეულია იმით, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის გამო გაიზარდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ხარჯები, რამაც გამოიწვია სხვა  მიმართულებით გამოყოფილი თანხების შემცირება. არსებული ბიუჯეტის ფარგლებში სრულყოფილად ვერ ხერხდება პროგრამული პრიორიტეტების დაფინანსება, ტელევიზიის ტექნიკური გადაიარაღება, ჟურნალისტთა და ტექნიკური პერსონალის ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურება,”- აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორების განმარტებით,  2013 წლის შემდეგ მიუხედავად `მაუწყებლობის შესახებ” კანონში არსებული ნორმისა “არანაკლებ 15%”, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი არ აღემატებოდა 15%-ს:

” ამიტომ მიზანშეწონილია ეს ნორმა გაიზარდოს და დაფიქსირდეს არანაკლებ 17%, რაც შესაძლებლობას მისცემს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს იმაუწყებლოს სრულყოფილად ციფრულ რეჟიმში და პროგრამული პრიორიტეტების შესაბამისად, ასევე დაახლოებით 25%-ის ფარგლებში გაიზარდოს თანამშრომლების, ჟურნალისტებისა და ოპერატორების ხელფასები. ბიუჯეტის გაზრდა საშუალებას მისცემს საზოგადოებრივ მაუწყებელს დანერგოს ზეგანაკვეთური მუშაობისათვის ანაზღაურების ახალი სისტემა.”

საპარლამენტო კომიტეტები კანონპროექტის განხილვას 16 თებერვლიდან დაიწყებენ.

მოქმედი კანონის მიხედვით,“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ბიუჯეტი სახელმწიფოს წინა წლის მშპ-ის  მინიმუმ 0.14%-ით განისაზღვრება.  2015 წელს მაუწყებლის სახელმწიფო დაფინანსება 40, 82 მილიონი ლარი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი