ახალი ამბები

წულუკიანი: ვიმედოვნებთ, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავზე ლევილი საქართველოს გადმოეცემა

13 თებერვალი, 2016 • 1716
წულუკიანი: ვიმედოვნებთ, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავზე ლევილი საქართველოს გადმოეცემა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის თაობაზე პირველი რესპუბლიკის მთავრობის შთამომავლებთან შეხვედრაზე პარიზში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ გელა დუმბაძესთან ერთად იმყოფებოდა. სხდომას პირველი ქართული რესპუბლიკის მთავრობის წევრთა შთამომავლები ესწრებოდნენ, რომლებსაც მინისტრმა საჩუქრად იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მასალების მიხედვით მომზადებული მაღალპოლიგრაფიული ალბომები და კალენდრები „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“ გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

თეა წულუკიანის თქმით, ნ. ჟორდანიას, ნ. რამიშვილის, ა. ჩხენკელის, ე. გეგეჭკორისა და ს. ფირცხალავას ოჯახებთან მუშაობა ლოგიკური დასასრულისკენ მიდის:

„პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის შთამომავლებთან ერთად ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, დღეს უკვე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ შატოს გადმოცემის საკითხი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. საქართველოს მთავრობის მხრიდან ყველაფერი კეთდება და მე მჯერა, რომ ქართველი სახელმწიფო მოღვაწეებისა და პოლიტიკური დევნილების შთამომავალი ოჯახების წარმომადგენლები საფრანგეთში, თავის მხრივ, ასევე, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ჩვენი წინაპრების სურვილი შესრულდეს და დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25-ე წელს ლევილის მამული საქართველოს დაუბრუნდება. ამ ოჯახებს მადლობა ეკუთვნით დღემდე გაწეული ძალისხმევისა და შატოს შენარჩუნებისათვის“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

უწყების განმარტებით, პარიტეტული კომისიის მუშაობის შედეგად გადაწყდა შატოს აღდგენა და მოწესრიგება:

“წინა სხდომაზე ხელი მოეწერა ოქმს, რომლის თანახმადაც ვერსალის შატოს არქიტექტორების, საფრანგეთში ცნობილი პეიზაჟისტებისა და მებაღეებისაგან შექმნილი ჯგუფი მუშაობას დაიწყებს და წარმოადგენს პროექტს ლევილის შატოს მომავალი ბედის შესახებ. პარიტეტული კომისიის სურვილია, რომ ლევილის შატოში ქართული აკადემია გაიხსნას ქართველი ხელოვანებისა და ისტორიკოსებისათვის, ისეთივე, როგორიც არსებობს ფრანგული აკადემიის სახით რომში ვილა მედიჩის კედლებში. ამგვარი პროექტის პროგრამირებისა და შესაბამისი ექსპერტიზების განსახორციელებლად საქართველოს მთავრობამ სექტემბერში 107.000 ევრო გამოყო. სხდომაზე განხილულ იქნა ყველა ის პროექტი, რომლებიც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სხვა სამინისტროების მიერ პირველი რესპუბლიკის ღირებულებების პოპულარიზაციისთვის ხორციელდება. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში გამოსცა საქართველოს ეროვნულმა არქივმა ალბომი „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“, სადაც თავმოყრილია ეროვნულ არქივში დაცული უნიკალური მასალები. დოკუმენტები პირველი რესპუბლიკის პროგრესულ იდეებსა და ისტორიას აღწერს. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ალბომში შესული მასალები ამავე სახელწოდების გამოფენების სერიაში გააერთიანა, რომლებიც თბილისში, ქუთაისში, თელავსა და ბათუმში გამოიფინა; მომავალ თვეს კი ზუგდიდის მოსახლეობას ექნება საშუალება, 1918-21 წლების საქართველოს უნიკალურ ისტორიულ მემკვიდრეობას გაეცნოს.”

ოჯახებთან შეხვედრას, დევნილი მთავრობის შთამომავლების გარდა, საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონე და პარიტეტული კომისიის წევრი, საქართველოს დესპანი გოჩა ჯავახიშვილი ესწრებოდნენ.

ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის პარიტეტულ კომისიაში საქართველოს დელეგაციას სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე ხელმძღვანელობს.

42313

მასალების გადაბეჭდვის წესი