ახალი ამბები

თავისუფალი დემოკრატები ეკა მიშველაძის მაუწყებლოდან დათხოვნას პოლიტიკური ნიშნით დევნად აფასებენ

12 თებერვალი, 2016 • 1256
თავისუფალი დემოკრატები ეკა მიშველაძის მაუწყებლოდან დათხოვნას პოლიტიკური ნიშნით დევნად აფასებენ
პარტია “თავისუფალი დემოკრატები” აქვეყნებს განცხადებას, რომელშიც ჟურნალისტ ეკა მიშველაძის პირველი არხიდან დათხოვნას პოლიტიკურ დევნად აფასებს.
“თავისუფალი დემოკრატების” განცხადებით, ეკა მიშველაძის გადაცემა დახურეს იმიტომ, რომ იგი პარტიის ერთ–ერთი ლიდერზე, ალექსი პეტრიაშვილზე არის დაქორწინებული:
“ჩვენთვის, “თავისუფალი დემოკრატებისთვის” ყოვლად მიუღებელია საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ეკა მიშველაძის გათავისუფლების ფაქტი. ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და იგი უკავშირდება პარტია ‘’თავისუფალ დემოკრატებს’’.
“საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხელმძღვანელობის მხრიდან არაერთხელ იქნა გამოთქმული მოსაზრება, რომ ოპოზიციონერის მეუღლეს არ შეუძლია პოლიტიკური თოქ-შოუ მიყავდეს. სწორედ ეს არის დევნა პოლიტიკური ნიშნით და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა. ამასთან ერთად ეკა მიშველაძის გათავისუფლება შემადგენელი ნაწილია ხელისუფლების მხრიდან დაწყებული მედია სივრცის გაკონტროლების მცდელობისა,”–აცხადებენ “თავისუფალი დემოკრატები”.
პარტია ასევე აცხადებს, რომ ხელისუფლების სურვილი, გააკონტროლოს მედიასივრცე, ნათლად გამოვლინდა ეკა მიშველაძის, ინგა გრიგოლიას, რუსთავი ორისა და მაესტროს შემთხვევაში. მათუ განცხადებით, ეს ხდება საარჩევნო წელს და იმის ფონზე, რომ პრემიერმინისტრი საერთაშორისო საზოგადოებას გამჭვირვალე და სამაგალითო არჩევნების ჩატარებას პირდება.
პირველმა არხმა ეკა მიშველაძის საავტორო გადაცემა “პირველი სტუდია” გასულ წელს, ახალი სატელევიზიო სეზონის დაწყებისას დახურა. მას სექტემბერში გამართულ საჯარო შეხვედრაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველმა ბასა ჯანიკაშვილმა განუცხადა, რომ პოლიტიკოს ალექსი პეტრიაშვილზე დაქორწინების გამო ინტერესთა კონფლიქტი აქვს.  საზოგადოებრივი მაუწყებლისგან მიღებულ წერილში, რომელიც ჟურნალისტმა გამოაქვეყნა, წერია, რომ მიშველაძის მიერ წარმოდგენილი პროექტის თემატიკის მქონე გადაცემები მრავლად არის უკვე პირველი არხის ეთერში, ამიტომაც, “არ არის მიზანშეწონილი დამატებით, ცალკე პროექტის სახით მსგავსი ტიპის გადაცემის ჩაშვება”.

მიშველაძე ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ მას საზოგადოებრივ მაუწყებელთან უვადო კონტრაქტი აკავშირებდა. ტელეწამყვანის თქმით, მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ამიტომ ის სასამართლოში გააგრძელებს დავას.

მასალების გადაბეჭდვის წესი