ახალი ამბები

GPB-დან დათხოვნილი ეკა მიშველაძე სასამართლოში დავას აპირებს

10 თებერვალი, 2016 • 2002
GPB-დან დათხოვნილი ეკა მიშველაძე სასამართლოში დავას აპირებს

ტელეწამყვანი ეკა მიშველაძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა სამსახურიდან დაითხოვა. ეკა მიშველაძეს დირექტორის შესაბამისი წერილი უკვე ჩაბარდა.

მიშველაძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მას საზოგადოებრივ მაუწყებელთან უვადო კონტრაქტი აკავშირებდა. ტელეწამყვანის თქმით, მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ამიტომ ის სასამართლოში გააგრძელებს დავას.

“თავის დროზე გადაცემა “პირველი სტუდიის” დახურვის შესახებ მე მედიასაშუალებებიდან გავიგე და საერთოდ არაფერი ვიცოდი ამის შესახებ, ისე გამოვედი შვებულებიდან.

ამის შემდეგ თვითონ ჰქონდათ აბსურდული შემოთავაზება ისეთ გადაცემაზე, რომელთანაც მე არავითარი შეხება არ მაქვს, საუბარია გასართობ გადაცემაზე, რაზეც მე უარი ვთქვი. ეს სიტყვიერი შემოთავაზება იყო. ამ უარის შემდეგ გიორგი ბარათაშვილმა თვითონ შემომთავაზა გააკეთე გადაცემა, ტოკ-შოუ, ოღონდ პოლიტიკოსები არ მოიყვანო ეთერშიო. მე ამაზე დავთანხმდი. იანვარში უნდა გასულიყო ეს გადაცემა. დადგა იანვარი და გადაცემა ეთერში არ გადიოდა.  შევხვდი და მთხოვა, წერილობით წარმედგინა ტექსტი. წარვადგინე. პასუხი არ გაუციათ. შემდეგ ოფიციალური წერილი მივწერე მას და დღეს მივიღე პასუხი, რომ თურმე ჩემი ხელშეკრულება შეწყვეტილია. რა თქმა უნდა, ეს არის უკანონობა.  ეს არის არაპროფესიონალიზმი. მე დავას აუცილებლად გავაგრძელებ სასამართლოში”, – განაცხადა მიშველაძემ ნეტგაზეთთან საუბარში.

საზოგადოებრივი მაუწყებლისგან მიღებული წერილი ჟურნალისტმა თავის ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა.

ესეც წერილი!

Posted by Ekaterine Mishveladze on Wednesday, February 10, 2016

მასალების გადაბეჭდვის წესი