ახალი ამბები

უსუფაშვილი: როგორ გვიმტკიცებს მედიასაშუალება რა თქვა, ან არ თქვა თოფაძემ

12 თებერვალი, 2016 • 1432
უსუფაშვილი: როგორ გვიმტკიცებს მედიასაშუალება რა თქვა, ან არ თქვა თოფაძემ

პარლამენტის თავმჯდომარე  დავით უსუფაშვილი  “საქართველოსა და მსოფლიოს” რედაქციისგან საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერთან, გოგი თოფაძესთან ჩაწერილი ინტერვიუს აუდიო ვერსიის გამოქვეყნებას ელოდება, რათა გაირკვას ნამდვილად დასდო, თუ არა ბრალი თოფაძემ თინა ხიდაშელს საგარეჯოს არჩევნების გაყალბებაში:

“ამ განცხადებაზე ბატონმა გოგი თოფაძემ ბრძანა, რომ მას ასე არ უთქვამს. მე ახლა იმას ველი, რომ ის მედიასაშუალება, რომელმაც ინფორმაცია გაავრცელა, რას გვეუბნება და როგორ გვიმტკიცებს, რომ მან ეს თქვა, თუ არ თქვა. სანამ ეს არ გაირკვევა, მე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. რასთან გვაქვს საქმე არ ვიცი,”- აღნიშნავს უსუფაშვილი და განმარტავს, რომ კოალიციის ერთიანობა  რაიმე განცხადებაზე არ არის დამოკიდებული.

გუშინ, 11 თებერვალს გოგი თოფაძემ ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა, რომ თინა ხიდაშელისთვის მას საგარეჯოს მაჟორიტარული არჩევნების გაყალბებაში ბრალი არ დაუდია და “საქართველოსა და მსოფლიოს” ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინტერვიუს ეს ჩანაწერი სიმართლეს არ შეესაბამება.

“მთელი ჩემი ინტერვიუ ჩაწერილია. მოკითხეთ მაგის ავტორს. მე ეგ არ მითქვამს. კითხეთ იმას, ვინც ეგ დაწერა”, – უთხრა ნეტგაზეთს თოფაძემ.

რაც შეეხება იმას თუ რა თქვა ინტერვიუში დეპუტატმა სინამდვილეში, იგი განმარტავს:

“ის, რომ ჯარი ჩაიყვანა იქ, ამაზე მთელი საქართველო ლაპარაკობდა და ეგ იყო ნათქვამი”.

ამის შემდეგ მან დამატებით შეკითხვებს აღარ უპასუხა.

“წესით და რიგით, ხიდაშელმა, მინისტრის კაბინეტში კი არა, დაკითხვებზე უნდა იაროს, რადგან შარშან, ოქტომბერში, საგარეჯოს რაიონში შუალედური საპარლამენტო არჩევნები გააყალბა და ამ საქმისთვის თავდაცვის სამინისტროს რესურსი გამოიყენა; ესეც არ იკმარა და ბიულეტენების დათვლაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ამ უმსგავსობის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელშიც განათავსა. დღემდე ვერ გამიგია, რასთან გვაქვს საქმე: სიბრიყვესთან თუ თავხედობასთან. ხიდაშელმა თავისი უკანონო ქმედებით მთელ კოალიციას თავი მოსჭრა და ყველაფერი წყალში ჩაგვიყარა”, – “საქართველო და მსოფლიოს” ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუს მიხედვით, ამ განცხადებას აკეთებს გოგი თოფაძე.

ნეტგაზეთი ესაუბრა“საქართველო და მსოფლიოს” რედაქტორს, ასევე ინტერვიუს ავტორს. ორივე მათგანი აცხადებს, რომ ისინი ჯერ თვითონ თოფაძესთან დააზუსტებენ საკითხს და რეაგირებას შემდეგ მოახდენენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი