ახალი ამბები

ცვლილება GMG-ს მფლობელთა რიგებში

16 მარტი, 2011 • • 1193
ცვლილება GMG-ს მფლობელთა რიგებში

ნეტგაზეთის მიერ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციით ირკვევა,რომ საქართველოში სპორტული მატჩების ტრანსლირების ლიცენზიების ნაწილი გლობალ მედია ჯგუფის (GMG) ნაცვლად, კომპანია მედია საკონსულტაციო ჯგუფს აქვს შეძენილი.

მედია საკონსულტაციო ჯგუფმა 2010 წლის აპრილში და მაისში სხვადასხვა კომპანიებისგან სპორტული მატჩების ლიცენზიები შეიძინა. გლობალ მედია ჯგუფი,იგივე ჯიემჯი ამ დროისთვის არ არსებობდა.

ინგლისის ეროვნული ჩემპიონატი, ჰოლანდიის ფეხბურთის ეროვნული ჩემპიონატი, ჩოგბურთის პროფესიონალთა ასოციაციის მსოფლიო ტურნირები, საფრანგეთის ფეხბურთის ეროვნული ჩემპიონატი – ყველა მათგანზე საქართველოში ტრანსლირების უფლება მედია საკონსულტაციო ჯგუფმა შეიძინა სხვადასხვა კონტრაქტორი კომპანიებისგან.

მედია საკონსულტაციო ჯგუფმა ყველა ეს შეძენილი  უფლება გლობალ მედია ჯგუფს, იგივე ჯიემჯის გადასცა.

მედია საკონსულტაციო ჯგუფი ჯიემჯის რეგისტრირებიდან, 20 დღის შემდეგ, კომპანიის 15% წილის მფლობელი ხდება. თუმცა ბოლო ცვლილებით,რომელიც ჯიემჯის დამფუძნებელთა მონაცემებში ფიქსირდება, მედია საკონსულტაციო ჯგუფი აღარ ფიგურირებს.

კომპანია,რომელმაც მედია საკონსულტაციო ჯგუფი ჩაანაცვლა და მის ნაცვლად ფლობს 15% წილს, ახალი მედია ჯგუფია , რომლის 100% წილის მფლობელი და დირექტორი საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი, ლევან ყუბანეიშვილია.

გლობალ მედია ჯგუფი 2010 წლის ივლისში მამუკა გამყრელიძემ, რუსთავი ორის ეთერში გადაცემა ”ვის უნდა ოცი ათასის” წამყვანმა დააფუძნა, 100% წილით. აგვისტოში 15%-ის მფლობელი გახდა მედია საკონსულტაციო ჯგუფი.

თავის მხრივ „მედია საკონსულტაციო ჯგუფის“ 100%–ანი წლის მფლობელი გიორგი კოღუაშვილია. კოღუაშვილმა კომპანია  2009 წლის 7 აგვისტოს დააფუძნა.

2010 წლის მაისში მის კომპანიას ჯერ შპს „ჯი ელ ტვ“ შეერწყა (მფლობელები: „საზოგადოებრივი მაუწყებლის“  ყოფილი დირექტორი ზაზა შენგელია  – 30%–ანი წილით და  „რუსთავი 2“ –ის ამჟამინდელი დირექტორი და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის – ირაკლი ჩიქოვანის ბიზნეს–პარტნიორი გიორგი გეგეშიძე – 70%–ანი წილით), ხოლო შემდეგ კი, ივლისში, ეს კომპანია „გლობალ მედია ჯგუფის“ მეწილე გხადა.

დღევანდელი ვითარებით, გიორგი გეგეშიძე და ზაზა შენგელია ჯიემჯის დამფუძნებელთა შორის აღარ ფიგურირებენ. ცვლილება,რომელიც სამეწარმეო რეესტრში ფიქსირდება 2011 წლის 2 მარტით არის დათარიღებული.

გლობალ მედია ჯგუფი დღეს ორი ადამიანის საკუთრებაა. მამუკა გამყრელის და ლევან ყუბანეიშვილის.

ჯიემჯის სპორტული მატჩების უმრავლესობაზე ლიცენზია 2013 წლამდე აქვს ნაყიდი. ყველა ხელშეკრულებას, რომელიც კომპანიამ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში 2011 წლის 5 იანვარს წარადგინა, თან ახლავს შეთანხმება უფლების გადაცემის შესახებ, რომელიც გაფორმებულია 2010 წლის 15 დეკემბერს „მედია საკონსულტაციო ჯგუფსა“ და „გლობალ მედია ჯგუფს“ შორის. მაგალითად: ”ვთანხმდებით მასზედ, რომ „მედია საკონსულტაციო ჯგუფსა“ და „თენის პროპერთიზე ლიმითედ“–ს შორის დადებული ხელშეკრულება გადავიდეს შესასრულებლად შპს „გლობალ მედია ჯგუფზე“ ყველა უფლება–ვალდებულებებით/პასუხისმგებლობებით“.

მასალების გადაბეჭდვის წესი