„ევროპის კავშირის მთელი დახმარება ზღვაში წვეთია საქართევლოსთვის. გამოდის, რომ არაფერი შეცვლილა: არ არის თავისუფალი მედია, არ არის შრომის პროფესიული კავშირი, მცირეა პროგრესი ეკონომიკაში. ეს არის უბედურება“,–განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ერიკ ფურნიემ “თბილისი მარიოტში” ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირ-საქართველოს სამოქმედო გეგმის ამოცანების შესრულების ჩრდილოვანი ანგარიშის მოსმენის შემდეგ.
საქართველო, ანგარიშის მიხედვით, ფურნიესთვის ნეობოლშევიკურ ქვეყანას ჰგავს.
რაც ფურნიემ მოისმინა და რამაც მისი შეშფოთება გამოიწვია, “ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს” მიერ მომზადებული ჩრდილოვანი ანგარიშია – “ევროპის სამეზობლო პოლიტიკა: ევროკავშირ–საქართველოს სამოქმედო გეგმის ამოცანების შესრულება”.
ჩრდილოვანი ანგარიში რამდენიმე მიმართულებით დამუშავდა. ანგარიშის შედგენაში მონაწილეობდენენ: თამარ ხიდაშელი (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია), თამარ პატარაია (მშვიდობის დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი), მარიამ გაბედავა (საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო), რევაზ საყევარიშვილი (ანალიტიკური ცენტრი ეკონომეტრი), ნინო დანელია (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი), მანანა ქოჩლაძე (საზოგადოება მწვანე ალტერნატივა), ეკატერინე სირაძე–დელონე (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება).
საკონსტიტუციო რეფორმის ხარვეზებზე “თბილისი მარიოტში” თამარ ჩუგოშვილმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა.
საკონსტიტუციო რეფორმით ვერ მოხდა ორი ძირითადი გაცხადებული მიზნის შესრულება: ქართული საზოგადოების კონსოლიდაცია; შეკავების და დაბალანსების ინსტიტუციური პრინციპის აღდგენა პარლამენტის როლის გაზრდით და იმ ზომების მიღებით, რაც უზრუნველყოფდა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნას.
„პარლამენტის როლი გაზრდის ნაცვლად, შეიძლება ითქვას, რომ დასუსტებულიც კი არის და მთავრობა დომინირებს“,–განაცხადა ჩუგოშვილმა.
მედიის და სარეკლამო ბაზრის მონოპოლიზაციაზე ნინო დანელიამ ისაუბრა. მისი თქმით, 2010 წელს გამორჩეული იყო რამდენიმე ფაქტორი. დადებითი, რაც მან აღნიშნა, უკავშირდება კანონპროექტს მედია გამჭვირვალობის შესახებ. კანონი, რომელიც მედიის მფლობელთა გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, პარლამენტში განიხილება.
დანელიას თქმით, მკვეთრად გაუარესდა მდგომარეობა საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით. 2010 წელს ჟურნალისტებისთვის შეუღწევად რამდენიმე სამინისტროს თბილისის მერია დაემატა.
მედიის მონოპოლიზაცია ნინო დანელიამ კომპანია GMG-ის დაუკავშირა. ამ დროისთვის GMG საკაბელო ტელევიზიების საშუალებით ოთხი არხით მაუწყებლობს. დანელია კი ფიქრობს, რომ 6 ტელეკომპანია, მათ შორის, “რუსთავი 2”, “იმედი”, “საქართველო”, “რეალ ტივი”, “პირველი სტერეო” და “მუზიკ ბოქსი”, GMG-ის ჯგუფში გაერთიანდება და მათ ერთი მფლობელი ეყოლებათ.
გარემოს დაცვის საკითხებზე მანანა ქოჩლაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ის პროექტები, რაც დღეს გარემოს დაცვის კუთხით ხორციელდება, მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებულია. საბიუჯეტო სახსრები სხვადასხვა გარემოს დაცვით პროექტებზე არ არის გამოყოფილი.
“საქართველოში გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემა ჯერ კიდევ არაეფექტურია საზოგადოებისთვის, როგორც ინფორმაციის მიწოდების, ასევე მონაწილეობის კუთხით” – ნათქვამია ანგარიშში.
საარჩევნო გარემო ანგარიშში ეკა სირაძე–დელონემ შეაფასა. “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა რამდენიმე დადებით ფაქტორი გამოყო. მათ შორის მერის არჩევითობა, ასევე, ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება დათანხმდა არჩევნებზე მაჟორიტარული სისტემის დაყოფის ცვლილებას და ხმების გამოთანაბრების პროცესს.
ეკა სირაძის თქმით, 30 მაისის არჩევნების ძირითადი პრობლემა იყო ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტორი. ასევე ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ზეწოლა, როგორც სირაძემ უწოდა, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მობილიზებას სიებით საარჩევნო უბნებთან.
ანგარიში ეხება სისხლის სამართლის ახალი კოდექსის მიღებასაც. თუმცა, ახალი საპროცესო კოდექსი არ შეესაბამება სრულად ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ნორმებს. ევროპის საბჭოს ექსპერტები, ანაგარიშის მიხედვით, იზიარებენ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების აღნიშნულ მოსაზრებას.
ასევე, ანგარიშში განხილულია საპატიმროში პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობის ფაქტები და პატიმრების რაოდენობასთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც არ შეიძლება იყოს გამოწვეული მხოლოდ დანაშაულის მატებით.
ანგარიშში ერთ–ერთ გამოწვევად ე.წ. მსხვილი კორუფციაა. მომზადებული ჩრდილოვანი ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მცირე კორუფცია აღარ წარმოადგენს პრობლემას. თუმცა ამის ნაცვლად საუბარია მსხვილ კორუფციაზე, რომლის მთავარი წყარო ტენდერი და საინვესტიციო გარიგებებია.
ანგარიშის მოსმენის შემდეგ ფურნიემ განაცხადა, რომ აუციელებელია ამ კონტექსტში სხვა სახის ნაბიჯები გადაიდგას.
„ამ საკითხებზე მეტი სემინარი უნდა ჩატარდეს და განისაზღვროს კონკრეტული ნაბიჯები, რაც ვითარებას რეალურად შეცვლის. ის, რაც ახლა მოვისმინეთ, ვწუხვარ, მაგრამ ნებისმიერი ევროპელისთვის დეპრესიის მომგვრელია“ – განაცხადა ერიკ ფურნიემ.
“რა თქმა უნდა, წინსვლა იყო, თუმცა ჩვენი ვალია, რომ უფრო მეტად პრობლემებზე ვისაუბროთ. ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს თანამშრომლობას ევროპასთან შედეგი არ ჰქონია. რა თქმა უნდა, ჰქონდა და რომ არ ყოფილიყო ეს თანამშრომლობა, მდგომარეობა გაცილებით უარესი იქნებოდა”, – ასე უპასუხა ქეთი ხუციშვილმა, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ერიკ ფურნიეს.