ახალი ამბები

პეტრიაშვილი: მაესტროს მოვლენების უკან ხელისუფლება და ივანიშვილი დგას

10 თებერვალი, 2016 • 1062
პეტრიაშვილი: მაესტროს მოვლენების უკან ხელისუფლება და ივანიშვილი დგას

“თავისუფალი დემოკრატების” წევრი ალექსი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ მაესტროს მოვლენების უკან ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი დგას. ამის შესახებ მან “მაესტროს ფაქტორის” ეთერში განაცხადა:

“იმ ყველაფრის უკან, რაც ხდებოდა ინგა გრიგოლიას გადაცემებთან მიმართებაში, ეკა მიშველაძის გადაცემასთან მიმართებაში, “რუსთავი ორის” წინააღმდეგ რაც ხდებოდა, რაც ხდებოდა და  ხდება მაესტროსთან მიმართებაში, ამ ყველაფრის უკან ხელისუფლება და მისი არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი დგას. ის ცდილობს,  სატელევიზიო სივრცეში გადაჯგუფებები იმგვარად მოახდინოს, რომ შეზღუდოს ოპოზიციონერების გამოხატვის შესაძლებლობა, რათა საზოგადოებამ არ იცოდეს სიმართლე და ჩრდილოკორეული სცენარით წაიყვანოს სიტუაცია არჩევნებისკენ. ხელისუფლება უკუშედეგს მიიღებს, მისი წინამორბედი ხელისუფლების მცდელობაც მარცხით დამთავრდა და იგივე ელის ამ ხელისუფლებას.”

პეტრიაშვილი აღნიშნავს, რომ საქმე არჩევნების წინ მედიის გაკონტროლების მცდელობასთან გვაქვს:

“არჩევნების წინ მაესტროს სამაშველო ოპერაციის განხორციელება, ბუნებრივია, ძალიან ბევრ კითხვებს ბადებს. ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც იყო განცხადებები. მიაქციეთ ყურადღება მაესტროში მიმდინარე პროცესებს, რატომ არ იწევა ეს თემა სათანადო დონეზე და ა.შ. ეს ეჭვები ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა გაფანტონ. მიუხედავად მათი განცხადებისა, რომ ხელისუფლება არ ერევა არც ერთი კერძო მაუწყებლობის საქმიანობაში,  ჯაჭვი, რომელიც მე ჩამოვთვალე, არის უწყვეტი. ეს არის მედიის არჩევნების წინ კონტროლის ქვეშ მოქცევის მცდელობა.”

ტელეწამყვანმა ეკა მიშველაძემ დღეს განაცხადა, რომ  საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა სამსახურიდან დაითხოვა. ეკა მიშველაძეს დირექტორის შესაბამისი წერილი უკვე ჩაბარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი