ახალი ამბები

ხაინდრავა: აშშ-ის დაზვერვა მოუწოდებს დასავლეთს, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება დააჩქაროს

10 თებერვალი, 2016 • 1435
ხაინდრავა: აშშ-ის დაზვერვა მოუწოდებს დასავლეთს, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება დააჩქაროს

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ივლიანე ხაინდრავამ განაცხადა:

“ამერიკის დაზვერვის სამსახურის უფროსის პოზიცია მნიშვნელოვანი და დროულია, რადგან იგი მოუწოდებს საკუთარი ქვეყნის და ზოგადად დასავლეთის ლიდერებს, დააჩქარონ საქართველოს ევროინტეგრაციისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ტემპი. მისი აზრით, სწორედ ეს გამოაცლის საფუძველს რუსეთის მიზანმიმართულ ქმედებებს საქართველოს ნატოსთან და ევროატლანტიკურ ალიანსთან დაახლოების მიმართულებით, რომლის მოწმეებიც ჩვენ ვართ და რა ტენდენციაც მზარდია. საქართველოს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორისა და მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ფუნქციის მქონე სახელმწიფოს მოხვედრა ამ ანგარიშში სრულიად ბუნებრივია.”

ხაინდრავას თქმით, ანგარიშში სწორადაა დასმული აქცენტი, თუ რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს საქართველოს პროდასავლურ ელიტებს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთიდან მომავალი საფრთხეები არ განეიტრალდება.

ხაინდარავას განმარტებით, რუსეთიდან მომავალ საფრთხეზე საუბრისას იგულისხმება ე.წ. რუსეთის რბილი ძალა, რუსული პროპაგანდა და საქართველოში რუსეთის აგენტურის გავლენები, რომლებიც დღესაც მოქმედებენ.

ხაინდრავას განმარტებით, რუსული გავლენების პრევენცია, ამერიკის დაზვერვის სამსახურის მოსაზრებით, ყველაზე ქმედითი მექანიზმი საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწვერიანებაა:

“სწორედ ეს არის აღნიშნული იმ მოხსენებაში, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის დაჩქარება ყველაზე ქმედითი მექანიზმი არის, ალბათ, რუსეთის შესაბამისი მცდელობების საწინააღმდეგოდ.”

კითხვაზე, ანგარიშში რუსეთის გავლენის გარდა საუბარია ეკონომიკურ პრობელებზე, ივლიანე ხაინდრავას პასუხობს:

“პრობლემები რომ ობიექტურად არსებობს და კარგად ინფორმირებულმა ჯეიმს კლაპერმა იცის ამის თაობაზე, ეკონომიკური პრობელემები ნახსენებია, ბუნებრივია, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. მაგრამ ის, რაც ხდება ამერიკულ პოლიტიკაში, დამატებითი საბიუჯეტო სახსრების გამოყოფა რუსეთის ექსპანსიური პოლიტიკის გასანეიტრალებლად, ნატოს შავ ზღვაში ყოფნის გაზრდა, მომზადება ახალი სტრატეგიების და კონცეფციების ევროკავშირში და ნატოში, მიუთითებს ამ პრობლემის კომპლექსურ ხასიათზე. ის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე, როგორც ხელისუფლება, ასევე  საზოგადოება, ეს თავისთავად ცხადია”, – მიაჩნია ხაინდრავას.

აშშ-ის დაზვერვის სამსახურმა სენატში წარადგინა ანგარიში, რომელშიც საუბარია იმის შესახებ, რომ რუსეთმა შესაძლოა საქართველოზე ზეწოლა გააძლიეროს. ანგარიშში საუბარია იმის შესახებაც, რომ საქართველოს საზოგადოებასა და ელიტაში იმედგაცრუების ზრდა დასავლური ინტეგრაციის შენელებული ფაზის გამო და მზარდი ეფექტური რუსული პროპაგანდა ზრდის პერსპექტივას, რომ თბილისმა შესაძლოა შეანელოს, ან შეწყვიტოს ძალისხმევა ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი