ახალი ამბებისაზოგადოება

2008 წლის აგვისტოს ომის დევნილებისთვის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი გახსნეს

10 თებერვალი, 2016 • 1975
2008 წლის აგვისტოს ომის დევნილებისთვის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი გახსნეს

წეროვანის დევნილთა დასახლებაში ფონდმა „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ [Global Initiative on Psychiatry – Tbilisi] ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი „წეროვანი“ ოფიციალურად 9 თებერვალს გახსნა.

ძილის პრობლემები, მაღალი შფოთვა, შიში, დაქვეითებული გუნება-განწყობა, უიმედობისა და სასოწარკვეთილების განცდა, ტრავმული მოვლენის შემაწუხებელი, განმეორებითი მოგონებები, კონცენტრაციისა და მეხსიერების სირთულეები, გაღიზიანებადობა, აუხსნელი სომატური/სხეულებრივი ჩივილები, ქრონიკული დაღლილობა, პრობლემები ურთიერთობებში, ძალადობრივი ქცევა, აგრესიულობა, იმპულსურობა და სხვა , – ეს არის იმ პრობლემების ჩამონათვალი, რომლებზეც ცენტრში მომუშავე სპეციალისტები [ფსიქოლოგები, ფსიქოტრავმატოლოგები, ფსიქოსომატოლოგები და სოციალური მუშაკები] მუშაობენ.

წევროვანის დასახლებაში, ერთ-ერთ კოტეჯში ჯერ კიდევ 2015 წლის სექტემბერში გახსნილი ცენტრი, როგორც ფონდის წარმომადგენლები ამბობენ, უკვე მოემსახურა უფასოდ ასეულობით დევნილს, როგორც ზრდასრულებს, ასევე ბავშვებს. ცენტრი სამშაბათიდან კვირის ჩათვლით, 11-დან 18 საათამდე მუშაობს.

აღნიშნული პროექტი ფარავს გორის, მცხეთის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებს და, როგორც ფონდის წარმომადგენლები ამბობენ, “მიზნად ისახავს მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის ხელშეწყობას დევნილთა თემების კეთილდღეობისათვის და მიმართულია დევნილთა კომპაქტურ დასახლებებსა და საზღვრისპირა სოფლებში ფსიქო-სოციალური სერვისების საჭიროების წარმოჩენასა და დახმარების სერვისის პოპულარიზაციაზე”.

ცენტრის გახსნის პრეზენტაციის დროს GIP-ის სპეციალისტებმა ასევე წარმოადგინეს ბოლო დროს ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლებიც საომარი კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების არსებობას და შესაბამისი სერვისების საჭიროებას ცხადყოფს.

დევნილი და ე.წ. დაბრუნებული მოსახლეობის კვლევის შედეგებით გამოიკვეთა, რომ საქართველოს ომის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაში მოკვლეულ პირთა თითქმის მესამედს [29.44% ]აღენიშნება ერთი ფსიქიკური აშლილობის კრიტერიუმი.

კვლევის შედეგების მიხედვითვე, ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით განსხვავებაა იძულებით გადაადგილებულ პირთა და დაბრუნებულ პირებში: შედარებით ”ბუნებრივი” გარემო (თუნდაც მაღალი რისკის შემცველი ყოფითი პირობებით) მოქმედებს, როგორც დამცავი ფაქტორი.

გამოკვლევამ ასევე აჩვენა, რომ ფსიქიკური აშლილობის დროს ყოველი მეორე არ მიმართავს სამედიცინო მომსახურებას. სპეციალისტების თქმით, ეს შესაძლოა სტიგმის არსებობის გამოც ხდება.

სპეციალისტთა შეფასებით, ეფექტურ სერვისებად მიიჩნევა ისეთი სამსახურები, რომლებიც პრობლემების სამართავად უშუალოდ თემში აწვდიან ფსიქოსოციალურ ინტერვენციებს.

წეროვანში აღნიშნული ცენტრის გახსნაზე მოწვეული იყვნენ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი, პარლამენტარი გიორგი ვოლსკი.

IMG_1486

IMG_1538

მასალების გადაბეჭდვის წესი