ახალი ამბები

კვირიკაშვილმა და ირანის პრეზიდენტმა სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე ისაუბრეს

8 თებერვალი, 2016 • 1380
კვირიკაშვილმა და ირანის პრეზიდენტმა სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე ისაუბრეს

საქართველოს მთავრობის ცნობით, პრემიერ–მინისტრ კვირიკაშვილსა და ირანის პრეზიდენტ ჰასან რუჰანის შორის სატელეფონო საუბარი შედგა, სადაც ქართველი და ირანელი ხალხის მჭიდრო კულტურულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

“გამოითქვა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით ქართული მხარე გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯს, რაც ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაში გამოიხატება”, – აცხადებს საქართველოს მთავრობის პრესსამსახური.

სატელეფონო საუბარი, რომელიც, მთავრობის ცნობით, ქართული მხარის ინიციატივით შედგა, შეეხო საქართველოსა და ირანს შორის არსებულ სავაჭრო–ეკონომიკურ ურთიერთობებს და იმ უდიდეს პოტენციალს, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირანის პრეზიდენტს მიულოცა აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ სანქციების მოხსნა.

კვირიკაშვილმა და რუჰანიმ რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს  და ყურადღება გაამახვილეს რეგიონის განვითარებისთვის საერთაშორისო უსაფრთხოების მნიშვნელობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი