ახალი ამბები

თბილისის საკრებულო: საპატრიარქოს ვარკეთილში გადაეცა მიწა და არა სპორტკომპლექსი

8 თებერვალი, 2016 •
თბილისის საკრებულო: საპატრიარქოს ვარკეთილში გადაეცა მიწა და არა სპორტკომპლექსი

თბილისის საკრებულოში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მედიით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს საკალათბურთო სასახლის ტერიტორია მართმადიდებელ ეკლესიას გადაეცა.

საკრებულოს პრესამსახურის ცნობით, საპატრიარქოს ვარკეთილში გადაეცა ცარიელი მიწის ნაკვეთი და არა კოსტავას ქუჩაზე მდებარე ”მ. კეკელიძის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა კალათბურთის სასახლე”.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქოს მიწის ნაკვეთი ვარკეთილის 3-ში, 407-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაეცა. დედაქალაქის საკრებულოს ცნობით, ეს ტერიტორია არის ცარიელი და იქ შენობა-ნაგებობა არ მდებარეობს.

”არასწორად გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს საკალათბურთო სასახლის ტერიტორია მართმადიდებელ ეკლესიას გადაეცა. საიდან მოიტანეს, არ ვიცი. ეს არის პარასკევის სხდომის ამბავი. სხდომაზე ჩვეულებრივად არის ხოლმე ჩამონათვალი. ერთ-ერთი საკითხი იყო საპატრიარქოსთვის თანხმობის მიცემა მიწის ნაკვეთზე და რატომღაც დაუკავშირეს სპორტკომპლექსს, რომელიც არაფერ კავშირშია, არ ვიცი. ის არის საერთოდ სხვა ტერიტორია და ეს ორი სპორტული თემა – სხვა. სპორტკომპლექსის ტერიტორია არანაირ კავშირშია საპატრიარქოსთან მიწის ნაკვეთის გადაცემაზე. ერთ-ერთმა არაკომპეტენტურმა ადამიანმა ვერ გაიგო და ვერ წაიკითხა სწორად, რის გამოც არასწორად ხდება ახლა ტირაჟირება ამ საკითხების,” – განუცხადეს ნეტგაზეთს თბილისის საკრებულოში.

პარასკევს,  5 თებერვალს, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ შვიდ საკითხზე იმსჯელეს. თბილისის მერის მოადგილემ გიორგი ლილუაშვილმა დეპუტატებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსად გიგა ნიკოლეიშვილის დანიშვნის საკითხი წარუდგინა, რომელსაც ხმათა უმრავლესობით მიეცა თანხმობა.

საკრებულოს სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზეც იმსჯელეს, რომელთა შესახებაც ინფორმაცია დეპუტატებს მერიის შესაბამისმა საქალაქო სამსახურების უფროსებმა მიაწოდეს. დედაქალაქის საკრებულოს პრესამსახურის ინფორმაციით, თანხმობა მიეცა თბილისის მერიის ”მ. კეკელიძის სახელობის კალათბურთის ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრის” და ”მიხეილ კეკელიძის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა კალათბურთის სასახლის“ ლიკვიდაციას. დედაქალაქის საკრებულოს პრესამსახურის ინფორმაციით, ძალადაკარგულად გამოცხადდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება ა(ა)იპ ,,კალათბურთის განვთარების სპორტული ცენტრის შექმნის თაობაზეც.

საკრებულოს ინფორმაციით, წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, თბილისის მთავრობამ მიზანშეწონილად მიიჩნია აკაკი წერეთლის გამზირზე არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში სახელმწიფო ორგანოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების მიზნით გადაცემა: ”აქედან გამომდინარე, აღნიშნული უძრავი ქონება შპს ”ზაზა ფაჩულიას აკადემიას” სარგებლობის უფლებით, უზურფრუქტის ფორმით გადაეცა.”

მეორე შემთხვევაში, თბილისის საკრებულოს ცნობით, მოხდა თბილისში კოსტავას ქუჩაზე მდებარე ”მ. კეკელიძის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა კალათბურთის სასახლესთან” გაფორმებული უსასყიდლო უზურფრუქტის შეწყვეტა და ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლო საკუთრებაში გადაცემა, რამაც საკრებულოს ზემოთაღნიშნული განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების აუცილებლობა გამოიწვია.

დედაქალაქის საკრებულოს ინფორმაციით, 5 თებერვალს გამართულ სხდომაზე დეპუტატებმა ასევე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულებაში განსახორციელებელ ცვლილებასა და ამავე სამსახურის საშტატო ნუსხის დამტკიცებას, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანებული ტერიტორიებისა და დასასვენებელი ადგილების მოვლა-პატრონობის წესში ცვლილების განხორციელებასაც დაუჭირეს მხარი.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ამავე სხდომაზე თანხმობა მიეცა სრულიად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ვარკეთილის 3-ში მდებარე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ საკითხსაც, რომელიც არ უკავშირდება საკალათბურთო სპორტკომპლექსის საკითხს.

მასალების გადაბეჭდვის წესი