ახალი ამბები

საქართველოსა და რუმინეთის პარლამენტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

8 თებერვალი, 2016 • 1410
საქართველოსა და რუმინეთის პარლამენტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დღეს რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს, ვალერიუ შტეფან ზგონეას შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

დავით უსუფაშვილის თქმით, საქართველოს და რუმინეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობა ღრმავდება:

“ჩვენ ხელი მოვაწერეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს. რუმინეთი იყო და რჩება საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ პარტნიორად ევროინტეგრაციის სფეროში. რუმინეთი იყო ჩვენი მხარდამჭერი ასოცირების შეთანხმების გაფორმებაში ევროკავშირთან, რუმინეთი ყველაფერს აკეთებს ვიზალიბერალიზაციის წარმატებით დასასრულებლად.  რუმინეთი აგრძელებს ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის ფარგლებში და ის ერთ-ერთი ლიდერია ამ მიმართულებით. ჩვენ ძალიან ბევრ საჭირო რჩევას და რეკომენდაციას ვიღებთ რუმინეთისგან.  ამასთანავე, დღეს ჩვენ შეხვედრის დროს ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველოს მზად არის იყოს არა მხოლოდ დახმარების მიმღები, არამედ იყოს თანასწორი პარტნიორი ძალიან ბევრი მიმართულებით.”

მისივე განმარტებით,  არანაკლებ მნიშვნელოვანია ურთიერთობების გაღრმავება კულტურისა და სოციალური ურთიერთობების სფეროში:

” ამ თვალსაზრისით, ორივე ქვეყანას ძალიან დიდი პრივილეგია გვაქვს, ვინაიდან ჩვენ გვაერთიანებს ისეთი  მოღვაწე, როგორიც არის ანთიმოზ ივერიელი, რომლის წლად არის გამოცხადებული მიმდინარე წელი რუმინეთში. საქართველოში ასევე ბევრი ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი და ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენს ურთიერთობებში,”- აღნიშნა უსუფაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი