ახალი ამბები

ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებს უფასო კონსულტაციებს გაუწევენ

5 თებერვალი, 2016 • 4556
ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებს უფასო კონსულტაციებს გაუწევენ

ეპილეფსია დისკრიმინაციის გარეშე! – ამ ლოზუნგით 8 თებერვალს მთელი მსოფლიო ეპილეფსიის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით საქართველოში დაგეგმილია პაციენტების უფასო კონსულტაცია პროფესიონალი ექიმების მიერ.

ეპილეფსიის საერთაშორისო ბიუროს (IBE) საქართველოს განყოფილება უფასო კონსულტაციებს 2016 წლის 10 თებერვალს (10:00 – 16:00) ქართულ-ჰოლანდიურ ეპილეფსიის ცენტრში გეგმავს, რომელიც ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში (ჭავჭავაძის გამზირი 33ა, ყოფილი მე-9 საავადმყოფო) მდებარეობს. კონსულტაციაზე ჩასაწერად უნდა დარეკოთ ნომერზე: 555154900.

როგორც ეპილეფსიის საერთაშორისო ბიუროში აცხადებენ, 2008-2011 წლებში ჩატარებული კვლევებით, საქართველოში დაახლოებით 40 000 ადამიანს აქვს აქტიური ეპილეფსია. ამავე კვლევების მიხედვით, მათგან 73% არ იღებს საჭირო მკურნალობას, ან არ აქვს სწორი დიაგნოზი.

”ეპილეფსიით დაავადებული ადამიანები განიცდიან დისკრიმინაციას იმ სტიგმიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს საზოგადოებაში. წლევანდელი ეპილეფსიის დღის მთავარი თემა ხაზს უსვამს ზუსტად იმ გარემოებას, რომ მრავალი ადამიანისათვის სტიგმა და დისკრიმინაცია, რომელსაც ისინი აწყდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში, ბევრად უფრო რთული გადასატანია, ვიდრე უშუალოდ გულყრები. მიუხედავად იმისა, რომ ეპილეფსიის მქონე ადამიანთა 70%-ში შესაძლებელია გულყრების კონტროლის მიღწევა, საზოგადოებაში ჯერ კიდევ სუფევს ამ დავადების შიში და იგნორირება,” – ნათქვამია  ორგანიზაცია “ეპილეფსია და გარესამყაროს” განცხადებაში, რომელიც საქართველოში ეპილეფსიის საერთაშორისო ბიუროს (International bureau for epilepsy) წარმოადგენს.

როგორც “ეპილეფსია და გარესამყაროში” აცხადებენ, ეპილეფსიის საერთაშორისო დღის აღნიშვნა მნიშვნელოვანია ამ დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გასაზრდელად, სტიგმის და დისკრიმინაციის დასაძლევად და ეპილეფსიის მკურნალობის და მართვის გასაუმჯობესებლად. აგრეთვე არსებობს ეპილეფსიის კვლევის ფინანსური მხადაჭერის გადაუდებელი და მწვავე საჭიროება.

ეპილეფსიის საერთაშორისო ბიუროს და ეპილეფსიასთან მებრძოლი საერთაშორისო ლიგის (ILAE) განყოფილებები მთელ მსოფლიოში ფართოდ აღნიშნავენ ეპილეფსიის საერთაშორისო დღეს მრავალფეროვანი ღონისძიებებით, მათ შორის სტრასბურგში, ევროპარლამენტში.

ეპილეფსიის საერთაშორისო დღე

ეპილეფსიის საერთაშორისო დღე

მასალების გადაბეჭდვის წესი