საზოგადოება

5 სპორტული მოვლენა, რომელიც 2023-ში არ უნდა გამოგრჩეს

30 დეკემბერი, 2022 • 3004
5 სპორტული მოვლენა, რომელიც 2023-ში არ უნდა გამოგრჩეს

2023 წელი ქართველი სპორტსმენებისთვის დატვირთული იქნება. „ნეტგაზეთი“ გთავაზობთ 5 სპორტულ მოვლენას, რომელიც ამ წელს ყურადღების მიღმა არ უნდა დატოვოთ.

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ფეხბურთში

2023 წელს 21-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველოა. ჩემპიონატი 2023 წლის ზაფხულში საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება.

ჩემპიონატში მონაწილე 16 ევროპული ნაკრები ოთხ ჯგუფშია განაწილებული და თითოეულ მასპინძელ ქვეყანაში ორ-ორი ჯგუფის შეხვედრები ჩატარდება.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები A ჯგუფში პორტუგალიის, ბელგიის და ნიდერლანდების ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

ახალგაზრდულ ნაკრებთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი სამ ქალაქში, 4 სტადიონზე ჩატარდება: ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში (ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი).

A ჯგუფის სამი მატჩი საქართველოს ნაკრების მონაწილეობით თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართება. A ჯგუფის დანარჩენ სამი მატჩსა და მეოთხედფინალს კი თბილისიში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

C ჯგუფის სამი მატჩი, ნახევარფინალი და ფინალური შეხვედრა ბათუმში „ბათუმი არენაზე“ გაიმართება, ქუთაისი, შენგელიას სახელობის სტადიონი კი C ჯგუფის სამი მატჩს და მეოთხედფინალს უმასპინძელბს.

საქართველო და რუმინეთი ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ითამაშებს.

ჯერჯერობით უცნობია, მიიღებენ თუ არა ჩემპიონატზე მონაწილეობას ძირითადი ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელები, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ირაკლი აზაროვი და სხვები. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ძირითად ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრებს ემთხვევა, შესაბამისად, ვილი სანიოლს მოუწევს არჩევანის გაკეთება.

ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი

კიდევ ერთი დიდი საფეხბურთო მოვლენა, რომელსაც 2023 წელს თვალი უნდა ადევნოთ, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრებია.

წილისყრით განისაზღვრა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები A ჯგუფში ითამაშებს და ნორვეგიის, კვიპროსის, ესპანეთისა და შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებებს დაუპირისპირდება.

2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპი მომავალი წლის 23 მარტს დაიწყება და 21 ნოემბერს დასრულდება.  ევრო 2024-ის საგზურს 20 ნაკრები მოიპოვებს.

ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლებას ჯგუფის გამარჯვებულები და მეორე ადგილზე გასული ნაკრებები მიიღებენ.


შეხვედრების განრიგი კი ასე გამოიყურება:

28.03.23 – საქართველო – ნორვეგია
17.06.23 – კვიპროსი – საქართველო
20.06.23 – შოტლანდია – საქართველო
08.09.23 – საქართველო – ესპანეთი
11.09.23 – ნორვეგია – საქართველო
15.10.23 – საქართველო – კვიპროსი
16.11.23 – საქართველო – შოტლანდია
19.11.23 – ესპანეთი – საქართველო

სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში

2023 წლის სათხილამურო ფრისტაილის და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში, კერძოდ კი ბაკურიანში ჩატარდება. ტურნირი სტარტს 16 თებერვალს აიღებს და 5 მარტამდე გაგრძელდება.

ჩემპიონატი 6 დისციპლინას მოიცავს, მედლების რაოდენობა კი 30 კომპლექტს შეადგენს.

სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტის ინფორმაციით, ჩემპიონატზე დაახლოებით 50 ქვეყნიდან 2000-მდე სპორტსმენი, მწვრთნელი, ექიმი, მსაჯი მიიღებს მონაწილეობას.

მისი თქმით, მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად, დღეისთვის, 3 დისციპლინაში 5 ქართველ სპორტსმენს აქვს მოპოვებული ქულები.

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი

2023 წელს მსოფლიო თასზე ქართველი მორაგებეები იბრძოლებენ. ტურნირი საფრანგეთში გაიმართება.

ბორჯღალოსნები მსოფლიო თასის ჯგუფში პორტუგალიის, ავსტრალიის, უელსის და ფიჯის ნაკრებებთან არიან განაწილებული. ტურნირი სექტემბერ-ოქტომბერში საფრანგეთში გაიმართება.

9 სექტემბერი: ავსტრალია – საქართველო;
23 სექტემბერი: საქართველო – პორტუგალია;
30 სექტემბერი: ფიჯი – საქართველო;
7 ოქტომბერი: უელსი – საქართველო.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი კალათბურთში

2023 წლის დასაწყისში გაირკვევა, იასპარეზებს თუ არა საქართველოს კალათბურთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე.

თებერვალში ქართველი კალათბურთელები ნიდერლანდებსა და ისლანდიას უნდა დაუპირისპირდნენ და თუ სასურველ შედეგს დააფიქსირებენ, მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებენ.

მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში 2023 წლის 25 ატვისტოს აიღებს სტარტს და 10 სექტემბერს დასრულდება. ჩემპიონატს წელსმასპინძლობს აზიის სამი ქვეყანა, ინდონეზია, იაპონია და ფილიპინები. კალათბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 32 ქვეყნის ნაკრები ითამაშებს, მათ შორის 12 ევროპის კონტინენტიდან. საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე არასდროს უასპარეზია.

მასალების გადაბეჭდვის წესი