ახალი ამბები

შეფიცულები

10 მარტი, 2011 • • 1973
შეფიცულები

სახალხო წარმომადგენლობითი კრების „შეფიცულებმა“ დღეს ჭადრაკის სასახლეში ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი გამართეს. „შეფიცულთა რაზმები“ სახალხო წარმომადგენლობითმა კრებამ დღეს ოფიციალურად დააფუძნა.

„შეფიცულები“ იქნებიან ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების უკანონო ქმედებებს, ადამიანის უფლებების დარღვევებს შეეწინააღმდეგებიან, გაერთიანდებიან და დაიცავენ მოქალაქეებს. მათთან არასამთავრობო ორგანიზაციებიც თანამშრომლობენ, რომლებიც მოქალაქეებს იურიდიული კუთხით დაეხმარებიან“, – ამბობს გია ბურჯანაძე, „შეფიცულთა რაზმის“ ხელმძღვანელი.

მისივე განცხადებით, „შეფიცულები“ ცარიელი ხელებით, იარაღის გარეშე, კანონისა და სამართლიანობის დაცვით შეეწინააღმდეგებიან უსამართლობას.

სახალხო კრების წარმომადგენლების თქმით, „შეფიცულთა რაზმი“ თბილისის მასშტაბით 1500–მდე კაცს ითვლის. მათი განცხადებით, „შეფიცულთა რაზმი“ მალე მთელ საქართველოს მოიცავს.

„შეფიცულთა“ წესდება იურისტმა ზაქარია ქუცნაშვილმა შეიმუშვა. წესდება განმარტავს შეფიცულთა ამოცანებს, საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს.

წესების მიხედვით, შეფიცული არის წარმომადგენლობითი სახალხო კრების მიერ არჩეული აღმასრულებელი საბჭოს სტრუქტურული ერთეულის წევრი, რომელიც სახალხო კრების წესდებით დასახული მიზნებისათვის, საქართველოს კანონმდებოლოს საფუძველზე და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად უზრუნველყოფს ადამიანის უფლებატან და თავისუფლებათა დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისგან.

წესების მიხედვით, შეფიცული არ შეიძლება იყოს 18 წელზე ნაკლები ასაკის მოქალაქე, თავისი ფუნქციების განხორციელებისას ის წარმოადგენს ხალხს.

შეფიცულის ამოცანებია: საქართველოს მოქალაქეების დაცვა, შეკრებისა და მანიფესტაციების ჩატარების ხელშეწყობა, საჭიროების შემთხვევაში კავშირის დამყარება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და პოლიციის შესაბამის დანაყოფების პასუხისმგებელ პირებთან.

თავისი ამოცანების განხორციელებისას შეფიცული მოვალეა დადოს ფიცი საქართველოსხალხის წინაშე, დაიცვას სახალხო კრების წესდება და უნდობლობის ვერდიქტის პრინციპები.

შეფიცულების წესები შეფიცულებს უფლებას აძლევს გამოიყენოს აუცილებელი მოგერიების უფლება. წესების მიხედვით, მართლსაწინააღმდეგოდ არ იმოქმედებს შეფიცული, რომელიც საქართველოს ”სისხლის სამართლის კოდექსით” გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, შეიპყრობს დამნაშავეს ხელისუფლების ორგანოში წარსადგენად და ამისთვის არ გადააჭარბებს საამისოდ აუცილებელ ზომებს ან ”სისხლის სამართლის კოდექსით” გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში.

„შეფიცულთა რაზმს“ აქვს საკუთარი ემბლემაც, რომელზეც ბოლნური ჯვარია გამოსახული.

ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ჩათვლის, რომ მისი უფლებები დაირღვა, შეუძლია მიმართოს  სახალხო კრების „შეფიცულთა რაზმს“. მათთან დაკავშირება ცხელი ხაზის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. ცხელი ხაზის ნომერი, სახალხო კრების წარმომადგენლების თქმით, ამ დღეებში გახდება ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი