ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საერთაშორისო ნარკოკონტროლის სტრატეგიის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველო აზიური ნარკოტიკის ერთ-ერთ მთავარ გამტარებლად სახელდება. მოხსენების მიხედვით, საქართველო არის აზიური ნარკოტიკის ერთ-ერთი მთავარი სატრანზიტო კორიდორი. პარალელურად გაერო ურჩევს საქართველოს ნარკოტიკებთან ბრძოლის დაბალანსებული სტარატეგიის შემუშავებას. რა პრობლემებია დღეს საქართველოს ნარკოპოლიტიკაში? ამ საკითხზე ექსპერტს ნარკოლოგიის საკითხებში ზურაბ სიხარულიძეს ნეტგაზეთის პირდაპირ ეთერში ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი ესაუბრა.
_ აშშ–მ და გაერომ გამოაქვეყნეს დასკვნა ნარკოტრანზიტთან დაკავშირებით, სადაც საქართველო აზიური ნარკოტიკის მთავარ გამტარად სახელდება. საუბარია ტონობით ნარკოტიკზე, რომელიც ფოთის ნავსადგურიდან სხვადასხვა მიმართულებით გადის. დასკვნაში წერია, რომ გადაზიდვებს, ძირითადად, თIღ ნიშნით აღჭურვილი ტრაილერებით ახორციელებენ, მათ არავინ აჩერებს და, შესაბამისად, მათი კონტროლი ვერ ხერხდება. თქვენ როგორ ფიქრობთ, გაუარესებულია მდგომარეობა?
_ საქართველო ყოველთვის იყო სატრანზიტო ქვეყანა. ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო ნებისმიერ შემთხვევაში ნარკოტიკის გადაზიდვა აუცილებლად განხორციელდება. ჩვენთვის შემაშფოთებელია, რა რაოდენობის ნარკოტიკი რჩება აქ გადაზიდვის შედეგად, მაგრამ ეს ამ დასკვნაში არ წერია.
ეს პრობლემა რამდენიმე კომპონენტისგან შედგება: გადაზიდვა, გაყიდვა, მოხმარება და ა.შ. ყველაფერი, ალბათ, კომპლექსურად არის განსახილველი, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების ბიუროს ადრინდელ დასკვნაში საუბარი იყო, რომ 11 ტონა ნარკოტიკი გადის საქართველოდან და აქედან ქვეყანაში დაახლოებით 2,4 ტონა ჰეროინი რჩება მხოლოდ. ეს არ არის სარწმუნო. ჰეროინის ფასი ძალიან მაღალია საქართველოს შავ ბაზარზე. ჩვენს ქვეყანაში ჰეროინს ერთეულები მოიხმარენ. თუ ამდენი ჰეროინი რჩება, მას მომხმარებელიც უნდა ჰყავდეს. დღეს საქართველოში მომხმარებელთა უმეტესობა აფთიაქში არსებული პრეპარატების კომბინაციით ამზადებს ნარკოტიკს.
_ თქვენ ეჭვის ქვეშ არ დაგიყენებიათ ის, რომ საქართველო იყო და რჩება საკმაოდ სოლიდური რაოდენობის ნარკოტიკის გამტარ ქვეყნად. როგორ ფიქრობთ, ეს არის პოლიტიკური ნების პრობლემა, ნარკომაფიას მფარველები ჰყავს, თუ რასთან გვაქვს საქმე?
_ ტრაფიკის მონაცემი შემაშფოთებელია. ამას სჭირდება მძლავრი ბრძოლის სისტემა, რომელიც ამ წუთას, ჩემი აზრით, არ გააჩნია სახელმწიფოს. შესაძლოა, რომ ნარკოტიკების დიდი რაოდენობა მართლაც იმ ტრაილერებით გადიოდეს საქართველოდან, რომლებიც არ იხსნება, არ მოწმდება. უნდა არსებობდეს რამე მძლავრი მექანიზმი ქვეყანაში ამასთან ბრძოლის, მაგრამ, ალბათ, არ არის საჭირო რესურსი.
_ რაც შეეხება რეკომენდაციას, რომ ქვეყანამ დაბალანსებული სტრატეგია უნდა შეიმუშავოს, რა იგულისხმება დაბალანსებული სტრატეგიის შემუშავებაში?
_ წლებია საქართველოში არ არსებობს ერთიანი სისტემა, რომელიც ყველა კომპონენტს გააკონტროლებს. აქ ბევრი პრობლემაა, ეს არ არის მარტო ტრაფიკი და საბაჟო პრობლემები. გაეროს დასკვნაში წერია, რომ არ ეთმობა სათანადო ყურადღება პრევენციას, მკურნალობას, რეაბილიტაციას, კანონმდებლობას. პარლამენტში დიდი ზარ-ზეიმით მივიღეთ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია, მაგრამ ეს დარჩა ქაღალდად, რომელშიც არავის ჩაუხედავს.
ჯარიმების სახით შემოსული თანხა ბიუჯეტში, რასაც სახელმწიფო ნარკომომხმარებლებისგან იღებს, სოლიდურია და ეს წრე ტრიალებს _ იჭერენ, იხდიან, უშვებენ, იჭერენ… საუბარია დაახლოებით 20 მილიონ ლარზე წელიწადში და ამ თანხის მეათედიც არ იხარჯება პრევენციისთვის. არსებობს ორი კანონპროექტი, ერთი _ რომელზეც სახელმწიფომ იმუშავა, მეორე კი ზიანის შემცირების ქსელმა შეიმუშავა. ამ სტრატეგიაში ყველა პუნქტი არის გაწერილი, რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ, რა სტრუქტურები უნდა შეიქმენას და ასე შემდეგ, თუმცა, რადგან სამი წელია არ განიხილა ეს პროექტი, აქ, ალბათ, პოლიტიკური ნების პრობლემაა.
40 ათასი ადამიანის მიერ ხელმოწერილი კანონპროექტი დევს პარლამენტში და არავინ იხილავს. რატომ? იმიტომ, რომ იქ საუბარია ლიბერალიზაციასა და ჯარიმების გაუქმებაზე.
_ ლიბერალური მიდგომის ექსპერტები ფიქრობთ, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი არ არის დამნაშავე?
_ ჩვენთვის ესაა ამოსავალი წერტილი და ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ნარკომომხმარებელი არ არის დამნაშავე. მე მომხრე ვარ, რომ მათ შესთავაზონ მკურნალობა, მაგრამ სახელმწიფომ უნდა გაიღოს ამისთვის თანხა.
_ რა არის გამოსავალი?
_ ჯერ ერთი, ნარკომანის მკურნალობა არის ნებაყოფლობითი. როცა სახელმწიფო აღიარებს, რომ ისინი არიან არა დამნაშავეები, არამედ დაავადებულები, ვალდებულია, მათ უმკურნალოს კიდეც. კი, სახელმწიფომ მკურნალობის მცირე ნაწილი დააფინანსა მეტადონის პროგრამით, მაგრამ ამის გარდა არაფერი არ ხდება. მკურნალობის პარალელურად არ მოქმედებს რეაბილიტაციისა და სოციალიზაციის პროგრამები.
მხოლოდ ერთი კომპონენტი ვერ იმუშავებს, ყველაფერი კომპლექსურად უნდა კეთდებოდეს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი გაეროსა და აშშ-ს რეკომენდაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. ისინი წერენ, რომ სწორედ სისტემა უნდა იყოს დაბალანსებული და ნარკომანიასთან ბრძოლა მთლიანობაში უნდა განიხილებოდეს.
ასევე პრობლემაა ის, რომ არ არიან ადამიანები, პროფესიონალები, რომლებიც ამ სფეროში იმუშავებენ. რამდენი წელია ვსაუბრობთ იმაზე, რომ ტელევიზიებით ნარკოტიკებზე სიუჟეტების მომზადებისას არ უნდა აჩვენონ შპრიცი, სისხლი, ნარკოტიკი, _ ეს არის პირდაპირი რეკლამა. ფილმებზე აღარაფერს ვამბობ, საქართველოში ბოლო პერიოდში გადაღებული ყველა ფილმი ამ თემის გარშემო ტრიალებს. ეს არ შეიძლება.
_ თქვენ თქვით, რომ ნარკოტიკების მომხმარებელთა ოფიციალური სტატისტიკა საქართველოში არ არის სანდო, რადგან ზუსტი კვლევები არ ტარდება. ანგარიშებშიც მითითებულია, რომ კვლევები საქართველოში არ ტარდება. რატომ არ ტარდება?
_ ფული არ არის. რესურსი, თანხა და ნებაა საჭირო. შემკვეთი ხომ უნდა? სახელმწიფო უნდა დაინტერესდეს, რა ხდება ამ ხრივ ქვეყანაში. თუ სახელმწიფო სისტემურად არ მიუდგება ამ საკითხის მოგვარებას, მხოლოდ ერთ საკითხზე დახარჯული თანხა, ქუჩაში გადაყრილი ფულია.