ახალი ამბები

2016-2020 წლებში ფეხბურთის განვითარების პროგრამა 265 700 000 ლარით დაფინანსდება

4 თებერვალი, 2016 • 1090
2016-2020 წლებში ფეხბურთის განვითარების პროგრამა 265 700 000 ლარით დაფინანსდება

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, 2016-2020 წლებში ფეხბურთის განვითარების პროგრამა 265 მილიონ 700 ათას ლარით დაფინანსდება.

პროგრამის დეტალურ პრეზენტაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უახლოეს მომავალში უზრუნველყოფს, აცხადებს სამინისტრო.

„ყოველგვარი გადამეტების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ისტორიული დღეა ქართული ფეხბურთისთვის. ამ დღეს ჩვენი ფეხბურთი და გულშემატკივარი 25 წელიწადს ელოდა! მსურს მადლობა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციის ახალ ხელმძღვანელობას – მათ უმოკლეს ვადაში წარმოადგინეს ფეხბურთის განვითარების საინტერესო პროექტი. ასევე მადლობელი ვარ მთავრობის წევრების, რომლებიც დეტალურად გაეცნენ ამ პროექტს და მხარი დაუჭირეს მის განხორციელებას. უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში ქართული ფეხბურთი ფინანსურად მხარდაჭერილი იქნება. ამ პროექტით უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებს განვითარების კარგი შანსი ეძლევათ, ფუნდამენტური კი ისაა, რომ ბავშვთა ფეხბურთის პრობლემების მოგვარების შანსი გაგვიჩნდება”, – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა 4 თებერვალს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოში ფეხბურთის განვითარების (2016-2020 წლები) სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა.

სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო პროგრამის მიზნები და ამოცანებია: ფეხბურთის მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა, კონკურენტული და თავისუფალი საფეხბურთო ბაზრის შექმნა, ქალთა და ჭაბუკთა პირველობების, რეგიონული ტურნირების, ფუტსალის, პლაჟის, ქუჩისა და შშმ პირთა ფეხბურთის, სასკოლო შეჯიბრებების განვითარება, საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება,  საფეხბურთო განათლების ხელშემწყობი შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება, კლუბების ფინანსური სტიმულირება, საბაზისო, საპრიზო და პრემიალური დაფინანსება.

მასალების გადაბეჭდვის წესი