ახალი ამბებისამართალი

სტრასბურგი: საქართველომ მოქალაქეების მიმართ ევროკონვენციის მე-8 მუხლი დაარღვია

4 თებერვალი, 2016 • 2257
სტრასბურგი: საქართველომ მოქალაქეების მიმართ ევროკონვენციის მე-8 მუხლი დაარღვია

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2016 წლის 2 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებით საქართველოს სახელმწიფო  მისი მოქალაქეების მიმართ ევროკონვენციის მე-8 მუხლის დაღვევაში დამნაშავედ სცნო.

საქმეში, “ნ.წ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”, მომჩივანს წარმოადგენს დეიდა, რომელთანაც იზრდებოდა მისი სამი არასრულწლოვანი დისშვილი.  მომჩივნის დის, გარდაცვალების შემდეგ ბავშვების საცხოვრებელ ადგილად ეროვნულმა სასამართლოებმა მათი მამის საცხოვრებელი ადგილი განსაზღვრეს.

“შიდა სასამართლოებმა ვერ შეძლეს ადეკკვატურად გაეთვალისწინებიათ ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ბავშვებს არ სურდათ მამასთან დაბრუნება”, – წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

მომჩივანების ინტერესს ევროპის სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. საია-ს მიაჩნია, რომ მათ მიმართ ხელისუფლებამ დაარღვია კონვენციის მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება). ვინაიდან ბავშვები არ იყვნენ სათანადოდ ჩართული სამართალწარმოებაში,  ეროვნულმა სასამართლოებმა და სოციალურმა მუშაკებმა გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინეს ბავშვების საუკეთესო ინტერესები და არ მიიღეს მხედველობაში მათი სურვილი, ეცხოვრათ დეიდის ოჯახთან ერთად, აცხადებს ორგანიზაცია.

“ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა ბავშვის უფლებასთან მიმართებით- ჰყავდეს კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც არსებითად დაიცავს მის ინტერესებს- ხარვეზიანია და არ შეესაბამება არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს”, – აცხადებს საია.

სასამართლომ აღნიშნა, რომ სოციალური მუშაკები სამართალწარმოებისას ჩართულნი იყვნენ “დაინტერესებული მხარის” სტატუსით, ხოლო საქართველოს კანონმდებლობა  “დაინტერესებული მხარის” პროცედურულ უფლებებს არ ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, ევროპული სასამართლო ადგენს, რომ ბუნდოვანი რჩება,  “დაინტერესებულმა მხარემ”, რომელმაც ბავშვები რამდენჯერმე მოინახულა ორი წლის განმავლობაში, როგორ დაიცვა შესაფერისად ბავშვების ინტერესები სასამართლოში.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი და სოციალური მომსახურების სააგენტოს შესახებ არსებული მომიჯნავე კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რა  ფუნქციები და უფლებამოსილებები გააჩნია ბავშვის წარმომადგენელს, რომელსაც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს საქმის სასამართლოში განხილვის დროს.

ევროპული სასამართლო ადგენს, რომ მოცემულ საქმეში სოციალური მუშაკების მიერ ოქმების შევსება და სასამართლო სხდომებზე მათი დასწრება არ ნიშნავს ბავშვის ინტერესების სათანადო წარმომადგენლობას.

სასამართლოს უკვირს, თუ რატომ არ მიიჩნიეს ეროვნულმა სასამართლოებმა მიზანშეწონილად, მოესმინათ მაინც უფროსი ბავშვისთვის სასამართლო პროცესზე.

სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს მომჩივნებისთვის არამატერიალუირი ზარალის ასანაზღაურებლად 1 000 ევროს, ხოლო სასამართლოს ხარკების დასაფარად 900 ევროს გადახდა დააკისრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი