ახალი ამბები | ,

მარგველაშვილი: ქალთა კვოტირებას დღესაც ხაზგასმით ვუჭერ მხარს

3 თებერვალი, 2016 | | 1101
მარგველაშვილი: ქალთა კვოტირებას დღესაც ხაზგასმით ვუჭერ მხარს

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას კიდევ ერთხელ ყურადღება გაამახვილა 2014 წელს ქალებზე ძალადობის გახშირებულ ფაქტებზე და აღნიშნა, რომ სწორედ ეს ფაქტები გახდა ბიძგი იმისათვის, რომ 2015 წელი ქალთა წლად გამოეცხადებინა.

“ჩვენ ამ მიმართულებით მთავრობასთან ერთად ბევრი რამ გავაკეთეთ, პარლამენტშიც რეგისტრირებულია კანონი ქალთა კვოტირების თაობაზე, რომელსაც დღესაც ხაზგასმით მხარს ვუჭერ. ქალის წლის შეჯამებად მე სამი ქართველი ქალი გამოვარჩიე: მარო მაყაშვილი, ირინე ენუქიძე და ნონა გაფრინდაშვილი. რა თქმა უნდა, შეიძლება თქვან, რომ ამას მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. მაგრამ ჩვენს სასახელო ქალთა დამსახურების დაფასება საზოგადოების ფასეულობებს განამტკიცებს, ჩვენი ფასეულობები კი მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავენ ჩვენს მომავალს.

ბუნებრივია, არა მხოლოდ ქალთა მიმართ, არამედ ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია ჩვენი საზოგადოებისთვის. მე ვიცი, რომ ჩვენ დავძლევთ ძალადობას და აგრესიას. ამისათვის უნდა გვახსოვდეს – საჭიროა აღმოიფხვრას ძალადობის გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზები. მიუღებელი უნდა იყოს არა მხოლოდ აგრესია, არამედ ყველაფერი, რაც განაპირობებს და აღვივებს მას – შეუწყნარებლობა, დისკრიმინაცია, სტიგმატიზება ან გულგრილობა იმ ადამიანებისადმი, ვისაც საზოგადოებისა თუ სახელმწიფოსგან მეტი მხარდაჭერა სჭირდება.” -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი