ახალი ამბები

”არა ფობიას!”: კანონპროექტი კიდევ უფრო შეავიწროვებს რელიგიურ უმცირესობებს ქვეყანაში

3 თებერვალი, 2016 • 1566
”არა ფობიას!”: კანონპროექტი კიდევ უფრო შეავიწროვებს რელიგიურ უმცირესობებს ქვეყანაში

სამოქალაქო პლატფორმა ”არა ფობიას!” გამოხატავს უკიდურესად უარყოფით დამოკიდებულებას საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტისადმი, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას ითვალისწინებს.

NGO-ები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი მნიშნელოვნად შეზღუდავს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში და კიდევ უფრო მეტად შეავიწროვებს რელიგიური უმცირესობების მდგომარეობას ქვეყანაში.

როგორც სამოქალაქო პლატფორმაში გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ კანონპროექტს პირველი მოსმენით ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დაუჭირა მხარი, რომლის ძირითადი ფუნქციაც სწორედ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, დემოკრატიული პრინციპების დაცვის ხელშეწყობა უნდა იყოს.

”კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება 1661 მუხლი, რომლის მიხედვითაც, პირის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარით ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 600 ლარია. რელიგიური სიწმინდეების და საკულტო ნაგებობების წაბილწვა 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 1000 ლარია.

განმარტებითი ბარათიდან, ისევე, როგორც 2016 წლის 2 თებერვალს ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში პირველი მოსმენის ფარგლებში გამართული დისკუსიიდან, ცალსახად იკვეთება, რომ კანონის მიღების მიზანს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ არსებული ჯანსაღი კრიტიკის აკრძალვა წარმოადგენს.

ამგვარად, შემოთავაზებული კანონპროექტი მნიშვნელოვანი საფრთხეების მატარებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში განსხვავებული აზრის არსებობისათვის, რაც საზოგადოების განვითარების  აუცილებელი წინაპირობაა. იმთავითვე აშკარაა, რომ კანონის მიღება გამოიწვევს კრიტიკული აზრის ჩახშობას და არანაირად არ შეუწყობს ხელს საზოგადოებაში რელიგიურ მოტივებზე სიძულვილის გაღვივების შეჩერებას. ის იქნება მორგებული მხოლოდ დომინანტი ჯგუფის ინტერესებზე და კიდევ უფრო გააუარესებს რელიგიური უმცირესობების მდგომარეობას სახელმწიფოში, ხოლო გამოხატვის თავისუფლება და საჯარო დებატები რელიგიურ თემებზე ფაქტობრივად შეუძლებელი გახდება.  აღნიშნულს ადასტურებს ისიც, რომ უკანასკნელ წლებში  უმცირესობების მიმართ მომხდარ არც ერთ კონფლიქტსა თუ ძალადობას  (ნიგვზიანი, სამთაწყარო, 17 მაისი და სხვა) არ მოჰყოლია სათანადო რეაგირება სახელმწიფოს მხრიადან და არ დამდგარა სამართალდამრღვევთა პასუხისმგებლობა,” – აცხადებენ სამოქალაქო პლატფორმაში.

მათი განცხადებით, აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ინიციატივა პარლამენტში 2013 წელსაც დაფიქსირდა,რაც მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა მკაცრად და უარყოფითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ კანონის მიღება „გამოხატვის თავისუფლებაზე თვითნებურ და გაუმართლებელ შინაარსობრივ შეზღუდვას დააწესებს და საფრთხეს შეუქმნის თავისუფალ საჯარო დებატებს საზოგადოებაში.“

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, კანონპროექტის მხარდამჭერები აპელირებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე და საერთო ევროპულ სტანდარტებზე, რომლებიც, მათი აზრით, გამოხატვის თავისუფლების ამ დოზით შეზღუდვას დასაშვებად მიიჩნევს. მათი განმარტებით, ამ მხრივ მნიშვნელოვანია აღინიშნოს რამდენიმე გარემოება:

”კანონპროექტის ინიციატორთა მიერ ხსენებული ოტო პრემინგერის ინსტიტუტის საქმეზე გადაწყვეტილება ევროსასამართლომ 1994 წელს მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კვლავაც რჩება მნიშვნელოვან პრეცედენტად, მასში დამკვიდრებული სტანდარტების შეცვლისა და გადასინჯვისკენ მოწოდება დღითიდღე იზრდება. მათ შორის, საკუთრივ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამარლეთა მხრიდან. ამასთან, სასამართლო ცალსახად ამბობს იმასაც, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით დაცული სფერო მოიცავს „არა მხოლოდ იმ ინფორმაციას ან იდეებს, რომელთაც იზიარებს საზოგადოება ან არ არის შეურაცხმყოფელი, ან მათ მიმართ ინდიფერენტული დამოკიდებულება აქვს, არამედ ისეთებსაც, რომლებიც შეურაცხყოფს, შოკისმომგვრელია და აწუხებს სახელმწიფოს ან საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფს.“

აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომისიამ თავის 2006 წლის ანგარიშში ხაზი გაუსვა, რომ „შესაძლებელი უნდა იყოს რელიგიური იდეების კრიტიკა, მაშინაც კი, თუკი ასეთ კრიტიკას ზოგიერთი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად აღიქვამს.“ ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ „რელიგიურ პრინციპების ან რელიგიის წარმომადგენლების შეურაცხყოფა აუცილებლად არ გულისხმობს თავად ამ რელიგიის მიმდევართა შეურაცხყოფას“, ხოლო „დემოკრატიული საზოგადოებები არ უნდა გახდნენ რელიგიური მგრძნობელობის მძევლები და ძალადობრივი რეაქციები არ უნდა გახდეს გამოხატვის თავისუფლების უკან დახევის საფუძველი.“

არასამთვავრობო ორგანიზაციების განცხადებით, 2007 წელს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა თომას ჰამერბერგმა მოუწოდა სახელმწიფოებს, არ დააწესონ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიის წინააღმდეგ არსებული კრიტიკული შენიშვნების გამო. მათი თქმით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ცალსახად აღნიშნა, რომ მკრეხელობისათვის პასუხისმგებლობის დაწესების დრო დასრულდა; რელიგურ ჯგუფებს აქვთ ვალდებულება, ტოლერანტულები იყვნენ კრიტიკული საჯარო განცხადებებისა და დებატების მიმართ, რომლებიც მათ აქტივობებს, სწავლებასა და რწმენას ეხება.

გამოხატვის თავისუფლების ფართო გაგებას მხარს უჭერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოც, რომელმაც ცალსახად განაცხადა: “დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ კონსტიტუციით დაცულია კრიტიკული აზრი, მათ შორის, ისეთიც, რომელსაც საზოგადოების ნაწილი შეიძლება ზედმეტად მკაცრად ან არადეკვატურად აღიქვამდეს.“

როგორც NGO-ები აცხადებენ, სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტში განხილვის საგანი არა რელიგიური უმცირესობების მიმართ გახშირებულ თავდასხმებზე და რელიგიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებზე შესაბამისი რეაგირების გზების ძიება, არამედ საზოგადოების მხრიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჯანსაღი კრიტიკის გაუმართლებელი შეზღუდვა გახდა.

განცხადების ავტორები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონი და ამით არ გახდეს ღია და თავისუფალი საჯარო დებატების ჩახშობის ხელშემწყობი, რაც საბოლოოდ მნიშვნელოვნად შეაფერხებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას.

სამოქალაქო პლატფორმა 9 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, ესენია: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა GDI, მედიის განვითარების ფონდი MDF, საქართველოს რეფორმების ასოციაცია GRASS, იდენტობა, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI, საფარი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ISFED, საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველო TI და კონსტიტუციის 42-ე მუხლი.

კანონპროექტს მხარი ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ფატი ხალვაშმა, მერაბ კაჭახიძემ და ვლადიმერ აჩბამ დაუჭირეს.

კანონპროექტის ინიცირებული ვარიანტის მიხედვით “რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა, ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. იმავე ქმედების გამეორება გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით. ხოლო რელიგიური შენობის და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, გამეორების შემთხვევაში ჯარიმა 1000 ლარია.”

ამ კანონპროექტისთვის წამყვანი კომიტეტი უფლებათა კომიტეტია, ხოლო მთავარი – იურიდიული კომიტეტი. იურიდიული კომიტეტის უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში კანონპროექტი განსახილველად პლენარულ სხდომაზე მაინც გავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი