ახალი ამბები

რას ამბობენ იუსტიციის საბჭოს წევრები მოსამართლეთა გამოცდის ტესტების გამჟღავნების შესახებ

2 თებერვალი, 2016 • 1439
რას ამბობენ იუსტიციის საბჭოს წევრები მოსამართლეთა გამოცდის ტესტების გამჟღავნების შესახებ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ნაწილი აცხადებს, რომ მოსამართლეთა კონკურსის კონფიდენციალური ტესტების წინასწარ, სავარაუდოდ, გაჟონვის შესახებ ინფორმირებული იყვნენ, თუმცა ისინი ჟურნალისტებთან დეტალებზე არ საუბრობენ.

რაც საბჭოს წევრებისგან გახდა ცნობილი, არის ის, რომ ამ ეტაპზე თავად საბჭო აწარმოებს შიდა მოკვლევას და სისხლის სამართლის საქმე არ არის აღძრული.  მათივე თქმით,  ტესტის გაჟონვასთან დაკავშირებით ინფორმაცია ერთ–ერთ სამუშაო შეხვედრაზე მიიღეს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსამართლეობის კანდიდატებმა წინასწარ იცოდნენ ტესტების შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა გაავრცელა.

საბჭოს წევრები ჟურნალისტებთან საუბრისას ინტერესს გამოთქვამენ, თუ საიდან ჰქონდა ეს ინფორმაცია მამუკა ახვლედიანს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი მერაბ გაბინაშვილი ამბობს, რომ შესაბამისი დეპარტამენტი ამ საკითხთან დაკავშირებით მოკვლევას აწარმოებს.  მან ასევე საჯაროდ დადო პირობა, რომ საქმეს ბოლომდე მიიყვანს:

“ნაჩქარევად რატომ გააკეთა ეს განცხადება მამუკა ახვლედიანმა, ეს მას ჰკითხეთ და საიდან მოიპოვა ეს ინფორმაცია, მაგრამ  იუსტიციის უმაღლესი საბჭო შესაბამის ფორმატში აუცილებლად, პირობას გაძლევთ პირადად, როგორც ერთი წევრი, მე გაძლევთ პირობას, რომ ეს საკითხი აუცლებლად იქნება ბოლომდე მიყვანილი. მე არ ვიცი, რა დასკვნა დაიდება საბოლოოდ. დასკვნა იქნება აუცილებლად ობიექტური, სრულყოფილად იქნება ყველაფერი მასში მოცემული,”– განაცხადა მან.

საბჭოს კიდევ ერთი წევრის, შოთა გეწაძის განცხადებით კი, საქმე ეხება კონფიდენციალურ ინფორმაციას. მისივე თქმით, მოსამართლეთა გამოცდის ტესტებზე მუშაობდა ჯგუფი, რომელთა ვინაობა კონფიდენციალურია.

გეწაძის თქმით, იყო რამდენიმე ფაქტორი, რის გამოც ეჭვები გაჩნდა. იგი ამბობს, რომ ამ ფაქტორთაგან ერთ–ერთი იყო მაღალი  ქულები, თუმცა დანარჩენებს არ ასახელებს იმ მოტივით, რომ ეს საიდუმლო ინფორმაციის ნაადრევად გახმიანებას გამოიწვევს.

“ძალიან მიკვირს, რატომ გაჟღერდა ეს ინფორმაცია ვადაზე ადრე, მით უმეტეს, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა ამ საკითხის განხილვა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. როგორც მე გავიგე, ეს გააჟღერა მოსამართღლემ, რომელიც არ არის საბჭოს წევრი. საიდან გაიგო მან ამის თაობაზე, ესეც უცნობია ჩემთვის და თუ გაიგო, რატომ არ დაიცვა კონფიდენციალობა და რატომ გაამჟღავნა, ესეც ძალიან ცუდია,”– აცხადებს შოთა გეწაძე.

საბჭოს მოსამართლე წევრი, თამარ ალანია აცხადებს, რომ ტესტების შინაარსის გაჟონვის საკითხზე მიმდინარეიბს მოკვლევა და არსებობს მონახაზი და ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. იგი აცხადებს, რომ მტკიცებულებები აქვთ, მაგრამ მათ შინაარსზე არ საუბრობს.

“[მოკვლებას] გამოძიების ფორმა არ აქვს, უბრალოდ, ჩვენი გარკვევის მიზნით უნდა შევთანხმდეთ, რომ ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ, საჭიროებდა გადამოწმებას და დავიწყეთ გადამოწმება დოკუმენტური ფორმით,”– აცხადებს ალანია.

თამარ ალანიას განცხადებით, კონკურსანტთან დაკავშირებით, რომელმაც 100 ქულა აიღო, ეჭვი გაჩნდა იმიტომ, რომ ასეთი შემთხვევა არც ერთ გამოცდაზე არ მომხდარა.

“არც არაფერს არ გამოვრიცხავ, მაგრამ ვერაფერს დაგიდასტურებთ კონკრეტული დანაშაულის შესახებ. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, მაგრამ არ იყო ეს დადასტურებული, ჩვენ ყველანი იურისტები ვართ და მტკიცებულებების გარეშე ვერ ვისაუბრებთ. არსებობდა ეჭვი, რომელსაც სჭირდებოდა გამოკვლევა. მივეცით მსვლელობა, რომ შიდა მოკვლევა ჩატარებულიყო და დაიწყო ეს მოკვლევა,”–ამბობს ალანია.

საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ ტესტების გაჟონვის საკითხის მოკვლევაზე პირადად მუშაობს.

რაც შეეხება საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს, მას განცხადება არ გაუვრცელებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი