სახელოვნებო ღონისძიებების დაფინანსების შემთხვევაში ბიზნესორგანიზაციებს შესაძლოა გარკვეული შეღავათები დაუწესდეთ. ამ მექანიზმს კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსია ითვალისწინებს, რომელიც დღეს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
კულტურის მინისტრის განმარტებით, დოკუმენტის მიზანია უზრუნველყოს საჯაროობა, გამჭვირვალობა და ჩართულობა:
“ჩვენ სადღეგრძელოების ფორმატში არ ვსაუბრობთ კულტურაზე, არ ვიწყებთ მსჯელობას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნისთვის, რამდენად თვითმყოფადი და ძველია, ეს ისედაც კარგად იცის ყველამ. სამწუხაროდ, აქამდე მხოლოდ ასეთ ფორმატში ხდებოდა კულტურაზე საუბარი. სამინისტრო არ ერევა შემოქმედებაში, მაგრამ მისი მისიაა, ნოყიერი გარემო და პირობები შექმნას კულტურის დარგების განსავითარებლად. დოკუმენტი ორიენტირებულია ძირითადი პრობლემების მოგვარებაზე. დოკუმენტის სტრატეგიული მიმართულებებია: ცნობიერების ამაღლებას და განათლება, ინფრასტრუქტურა, საკანონმდებლობა ბაზა, დაფინანსება და სოციალური გარანტიები. აქამდე ქვეყანაში მსგავსი რამ არ გაკეთებულა.”
მინისტრის თქმით, საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რათა ალტერნატიული დაფინანსების წყაროები გაჩნდეს:
“გარკვეული ლიბერალიზაცია შეიძლება განხორციელდეს საგადასახადო შეღავათების თვალსაზრისით. კონკრეტულად რა კანონი უნდა მივიღოთ, ან რა ცვლილებები განვახორციელოთ, ეს განისაზღვრება სამოქმედო გეგმით, იმის შემდეგ, რაც შევთანხმდებით, რომ ეს ხაზი განსავითარებელია. საბოლოო ჯამში, ეს უნდა მიიღოს მთავრობამ, ასევე საჭიროა საპარლამენტო კონსესუსი.”
კომიტეტის თავმჯდომარეს ივანე კიღურაძეს სტრატეგია მოსწონს, თუმცა სხდომაზე აღნიშნა, რომ სტრატეგიაში ზოგადი ფრაზეოლოგია საჭირო არ არის:
“რაც უფრო ნაკლები იქნება ზოგადი ფრაზეოლოგია, მით უკეთესი. დოკუმენტს ეტყობა უცხოელი ექსპერტების გავლენა. რაც არ უნდა ნიჭიერები და კვალიფიციურები იყვნენ, ისინი ისე ვერ ჩაწვდებიან ჩვენს სინამდვილეს, როგორც თქვენ. უხეშად რომ ვთქვათ, თვალებში ნაცრის შესაყრელად ჩაწერილი სიტყვები საჭირო არ არის. იმედია, დაიხვეწება სტრატეგია,”- განმარტა კიღურაძემ, რის საპასუხოდაც მინისტრმა კომიტეტს მოუწოდა, შენიშვნები დოკუმენტში ასასახად სამინისტროს გაუგზავნოს.
