ახალი ამბები

უსუფაშვილი: პარლამენტმა ქადაგიძის მოსმენა შესაძლოა ვერ მოასწროს

1 თებერვალი, 2016 • 1194
უსუფაშვილი: პარლამენტმა ქადაგიძის მოსმენა შესაძლოა ვერ მოასწროს

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარლამენტმა უნდა მოისმინოს ეროვნული ბანკის ანგარიში და არა კონკრეტულად გიორგი ქადაგიძის:

“ნოემბერში ვესაუბრე ბატონ გიორგი ქადაგიძეს და შევთანხმდით, რომ იმ ხანებში არ იყო სასურველი ამ თემების წამოწევა არა იმიტომ, რომ ქადაგიძეს რამე შიში და რიდი ჰქონდა პარლამენტის, ამ პარლამენტს მისი, არამედ ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან თემაზე- საფინანსო სისტემა, საბაზრო სისტემა, ვალუტის კურსი და ა.შ. მისი რჩევა იყო, რომ მოგვეცადა. შემდეგ, დეკემბრის დასაწყისში, როდესაც მან დამირეკა და მითხრა, რომ ჩაიარა იმ ეტაპმა და შეეძლო მოხსენების გაკეთება, დეკემბერში პარლამენტი ძალიან დაკავებული იყო და ვერ შევძელით მისი მოსმენა. ჩვენ ეროვნული ბანკის ანგარიშს მოვისმენთ მაშინ, როდესაც ორივე მხარე შევჯერდებით. შეგახსენებთ, რომ ჩვენ უნდა მოვისმინოთ ბანკის ანგარიში. ეს არ უკავშირდება ვინმეს სახელს და გვარს, არამედ იმას, როდის მოხდება ამ საკითხის განხილვა. თებერვლის პირველ კვირაში პრეზიდენტს უნდა მოვუსმინოთ, შემდეგ კიდევ გვაქვს ერთი კვირა. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ სანამ ქადაგიძე ეროვნულ ბანკს დატოვებს, მანამდე მოვუსმინოთ, თუმცა ამის გარანტიას ვერ მოგცემთ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი