ახალი ამბებისამართალი

უსუფაშვილი: პარლამენტი მზად არის საარჩევნო სპეცუბნებზე საგნობრივი მსჯელობისთვის

1 თებერვალი, 2016 • 1231
უსუფაშვილი: პარლამენტი მზად არის საარჩევნო სპეცუბნებზე საგნობრივი მსჯელობისთვის

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საარჩევნო სპეცუბნების თემაზე საგნობრივი მსჯელობისთვის პარლამენტი მზად არის.

ამის შესახებ მან დღეს, 1 თებერვალს თბილისში, პარლამენტის შენობაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“მთავრობამ გამოაგზავნა ინიციატივა, რომელიც შეიძლება პარლამენტში დაიხვეწოს და რაღაცები დაემატოს. ადამიანები, რომლებსაც ყველაზე საპასუხისმგებლო და სახიფათო ვალი დააკისრა სახელმწიფომ, იმ ადამიანებს საარჩევნო ხმის უფლებას ართმევს? ასე დგას საკითხი სადმე? ალბათ სხვანაირად დგას. კვალიფიციურმა მხარემ სხვა რამე უნდა მოაყოლოს ამას, რომ მაჟორიტარულში ასე მიიღოს სამხედრო მოსამსახურემ მონაწილეობა, პროპოციულში -ისე. მაშინ გავიგებ, რომ ამ წინადადების ავტორთან მიღირს დაჯდომა. შეიძლება იყოს საუბარი, რომ პროპოციულში სამხედრო მოსამსახურემ სადაც უნდა, იქ მისცეს ხმა, რადგან ერთ ყუთში იყრება, ხოლო მაჟორიტარულში შემოვიღოთ დისტანციური კენჭისყრა, დავუშვათ?”

მისივე განმარტებით, სპეცუბნების შესახებ სრული გამჭვირვალობა უნდა იყოს:

“სპეცუბნები არის ფორმატი, სად და როგორ აძლევ ხმას. სპეცუბნები ნიშნავს, რომ შიდა ტერიტორიაზე ხდება ხმის მიცემა და მერე მიდის სადღაც- ეს არის სწორი, თუ ის, რომ სამხედროები ფიზიკურად მივიდნენ უბანში, სადაც ხმის მიცემა ხდება. ეს არის სწორი, თუ მეორე საკითხი, რომ  საერთოდ სამხედრო მოსამსახურემ უნდა მიიღოს მონაწილეობა თუ არა არჩევნებში.  საერთაშორისო სტანდარტით ბევრ ქვეყანაში არათუ სამხედროს, არამედ მოქალაქეობის არმქონესაც აქვს ხმის უფლებამის მიცემა ადგილობრივ არჩევნებში. სპეცუბნების შესახებ უნდა იყოს სრული გამჭვირვალობა, რამდენი მოსამსახურე მსახურობს იქ და ა.შ. არ უნდა იყოს კითხვები. მზად ვართ საგნობრივი მსჯელობისთვის და პოპულისტური განცხადებები და ერთჯერადი გამოყენების ხმაურიანი თემები ცოტა ნაკლებად გვაინტერესებს.

გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საარჩევნო სპეცუბნების გაუქმების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია. თუმცა, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის აზრით, შემოთავაზებული საკანონმდებლო პროექტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს კვლავ შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ მაჟორიტარულ და მერის/გამგებლის არჩევნებში, მიუხედავად მათი განსხვავებული რეგისტრაციის ადგილისა.

მასალების გადაბეჭდვის წესი