ახალი ამბები

ეკვადორი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებას აპირებს

18 თებერვალი, 2011 • • 1125
ეკვადორი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებას აპირებს

ეკვადორი მზად არის, განიხილის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის განაცხადი დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ეს ხელს შეუწყობს საერთაშორისო ურთიერთობებში სისტემის დაბალანსებასა და ქვეყნებს შორის კონსოლიდაციას. ამის შესახებ ეკვადორის პრეზიდენტმა რაფაელ კორეამ  მოსკოვში ვიზიტისას განაცხადა, წერს ეკვადორული ინტერნეტ გამოცემა La Hora Nacional.

გამოცემა ასევე წერს, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი იყვნენ ავტონომიური რესპუბლიკები, რომლებიც წლების წინათ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შევიდნენ. 1991 წელს, კავშირიდან გამოსვლის შემდეგ კი, საქართველომ მათი ოკუპაცია მოახდინა.

La Hora Nacional აცხადებს, რომ საქართველო და აშშ პატივს არ სცემენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უფლებას და სურვილს, იყვნენ თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფოები, ასევე, ისინი უგულებელყოფენ ერების თვითგამორკვევის უფლებას.

გამოცემის აზრით, საქარველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კაკასიის რეგიონში ხელს უშლის მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას, აშშ და ევროკავშირი კი უკანონოდ იცავენ „საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.“ 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ამასთან დაკავშირებით უწყება ჯერჯერობით არანაირი კომენტარის გაკეთებას არ აპირებს. მათი თქმით, ეკვადორს ჯერ არაფერი არ უღიარებია და შესაბამისად, არმომხდარ ფაქტზე კომენტარს ვერ გააკეთებენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი