სამართლიანი არჩევნები (ISFED) აცხადებს, რომ სიმართლე არ არის თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადება იმის შესახებ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს არ მიუმართავთ თავდაცვის სამინისტროსთვის გამონაკლის შემთხვევეში შექმნილ უბნებთან დაკავშირებით.
ორგანიზაცია თავდაცვის სამინისტროსთვის 14 იანვარს მიწერილ წერილსაც ასაჯაროებს, საიდანაც ირკვევა, რომ გამოთხოვილია საჯარო ინფორმაცია იმ სამხედრო მოსამსახურეთა დისლოკაციის ვადის დამადასტურებელი სამართლებრივი დოკუმენტების თაობაზე, რომელთა საფუძველზეც ვაზიანის სამხედრო ბაზაზე შეიქმნა ე.წ. სპეციალური საარჩევნო უბანი.
მათივე თქმით, თავდაცვის სამინისტრომ ზემოაღნიშნულ წერილზე პასუხი 26 იანვარს გასცა და გამოთხოვნილი ინფორმაცია არ მიაწოდა იმ მიზეზით, რომ სამხედრო მოსამსახურეთა დისლოკაციის ვადის დამადასტურებელი დოკუმენტი – კონტრაქტი, შეიცავს პერსონალურ მონაცემებს.
თინა ხიდაშელმა 27 იანვარს ჟურნალისტებთან საუბრისას შემდეგი რამ განაცხადა:
“არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ჩემთან ან თავდაცვის სამინისტროს რომელიმე შესაბამის პასუხისმგებელ პირთან არ მოუმართავს კითხვით იმ ამბების შესახებ, რაზეც დღეს ისინი კითხვებს სვამენ. ამიტომ ცოტა მეტი სერიოზულობა და პროფესიონალიზმი არის ჩემი თხოვნა ამ ადამიანების მიმართ. მე, ადამიანს, რომელიც 20 წელი ამ სეგმენტის ნაწილი ვიყავი, მაქვს იმის პრეტენზია და ამბიცია, რომ მოვთხოვო, განსაკუთრებით იმ ორგანზიაციის წარმომადგენლებს, სადაც მე ვმუშაობდი 20 წლის განმავლობაში, რომ ცოტა მეტი პროფესიონალიზმით მოეკიდონ საქმეს იმიტომ, რომ ჩემთვის არის უძვირფასესი იმ ორგანიზაციის სახელი, უძვირფასესი და უმნიშვნელოვანესი, და ყველას მინდა საჯაროდ მივმართო, ისინი ჩემი გაზრდილი ბავშვები არიან, ცოტა მეტი პატივი სცენ იმ ორგანიზაციას, რომელშიც მუშაობენ.”
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ხიდაშელის ეს კომენტარი ეხებოდა არა 28 იანვრის გარდაბნის არჩევნებს, არამედ საგარეჯოში გამართულ არჩევნებს, რომელიც რამდენიმე თვის წინ ჩატარდა.
თუმცა ISFED იმასაც აცხადებს, რომ სპეცუბნებთან და, ზოგადად, არჩევნებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები საკუთარ შენიშვნებს და მოსაზრებებს მანამდეც, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის ფორმატშიც, აქტიურად აფიქსირებდნენ, რომლის სხდომებში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
“სამართლიან არჩევნებში” ნეტგაზეთს ასევე განუცხადეს, რომ უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში სამინისტროს წერილობითაც მიმართეს, სადაც სპეცუბნებთან დაკავშირებით მოსაზრებები გაუზიარეს.
“მოვუწოდებთ თავდაცვის მინისტრს, საკუთარი განცხადებების დროს გამოიჩინოს უფრო მეტი კორექტულობა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ და საზოგადოებას ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით გადამოწმებული ინფორმაცია მიაწოდოს,”– ნათქვამია ISFED–ის განცხადებაში.
გარდა “სამართლიანი არჩევნებისა”, თავდაცვის მინისტრის განცხადება გააკრიტიკა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც.