ახალი ამბები

კვირიკაშვილი: არანაირი ტერორისტული რისკი პანკისის ხეობიდან არ მომდინარეობს

26 იანვარი, 2016 • 1495
კვირიკაშვილი: არანაირი ტერორისტული რისკი პანკისის ხეობიდან არ მომდინარეობს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სერგეი ლავროვის განცხადების იმ ნაწილს გამოეხმაურა, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პანკისის ხეობაში არსებულ საფრთხეებზე საუბრობს.

“საქართველოს მთავრობა ახორციელებს სრულ კონტროლს ჩვენს იმ რეგიონებზე, სადაც ჩვენ დღეს ვახორციელებთ კონტროლს. არანაირი ტერორიზმის რისკი ამ რეგიონიდან არ მოდის. იქიდან არის რამდენიმე ათეული ადამიანი წასული და იბრძვის ისლამური სახელმწიფოს რიგებში, თუმცა მათ შემოსვლაზე არის უმკაცრესი კონტროლი დაწესებული და აქ უკვე სისხლის სამართლის მუხლები მოქმედებს. პირდაპირ ვამბობ, რომ არანაირი ტერორისტული რისკი დღესდღეობით პანკისის ხეობიდან არ მომდინარეობს და ამ კუთხით არსებული არხებით გვექნება დიალოგი და მაქსიმალურად მივაწვდით ინფორმაციას, რომ მათ ჰქონდეთ უფრო სწორი ინფორმაცია ამ რეგიონში არსებულ სიტუაციაზე”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სერგეი ლავროვის განცხადების იმ ნაწილზეც გააკეთა კომენტარი, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგასთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დიალოგი ყველა შემთხვევაში აუცილებელია. “დიალოგისთვის ჩვენ გვაქვს გარკვეული არხები. ამ საკითხს, რა თქმა უნდა, განვიხილავთ და უახლოეს მომავალში გაკეთდება კომენტარები” – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი