ახალი ამბები

აბაშიძე: რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა დღის წესრიგში არ დგას

26 იანვარი, 2016 • 1061
აბაშიძე: რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა დღის წესრიგში არ დგას

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებაზე მედიის კითხვებს უპასუხა.

“დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა დღის წესრიგში არ დგას, ამ ეტაპზე ვერ დადგება ვერანაირად. ჩვენმა რუსმა კოლეგებმა კარგად იციან, თუ რატომ. სანამ დარღვეულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა შეუძლებელია. მაგრამ, თუკი მოხდება ძალიან სერიოზული წინსვლა ამ მიმართულებით, თუკი ჩვენ დავინახავთ, რომ არის ძალიან მიშვნელოვანი პროგრესი, ალბათ, რაღაც ეტაპზე ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება. რაც შეეხება სავიზო რეჟიმის გამარტივებას, ან მოხსნას, ან გაუქმებას, დიპლომატიური ურთიერთობა არანაირი ხელისშემშლელი ამისათვის ფაქტორი არ არის.”

კითხვაზე, თუ რა შეიძლება იყოს ეს “მნიშვნელოვანი პროგრესი” ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში, ზურაბ აბაშიძემ შემდეგნაირად უპასუხა:

“ეს არის უპირველესი ჩვენი მოთხოვნა და ამოცანა, რომ სწორედ ამ მიმართულებით დავინახოთ სერიოზული წინსვლა. პრინციპი ნათელია – სანამ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ დაიწყება, დიპლომატიური ურთიერთობების დღის წესრიგში განხილვა ვერ მოხერხდება, რადგან ეს იქნება აბსოლუტურად ცუდი გზავნილი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და საერთოდ, ეს იქნება წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლის იმ პრინციპებისა, რასაც ჩვენ განუხრელად ვიცავთ.”

“ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რომ საქართველოსთან ურთიერთობა იყოს ნორმალური, კეთილმეზობლური. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაშვებული შეცდომების გამო ქართველი ხალხი არ უნდა იხდიდეს საფასურს, უსამართლოა”, – განაცხადა დღეს სერგეი ლავროვმა.

ლავროვის თქმით, როგორც ქართველები, ასევე რუსები დაინტერესებული არიან ურთიერთობის ნორმალიზებაში.

“ჩვენ არ გაგვიწყვეტია დიპლომატიური ურთიერთობები”.

მისი თქმით, 2008 წელს რუსეთი “საერთაშორისო სამართლის ნორმებთან სრულ შესაბამისობაში” მოიქცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი