ახალი ამბები

თემები, რომლებზეც პრემიერთან შეხვედრაზე არასამთავრობო სექტორმა ისაუბრა

26 იანვარი, 2016 • 1374
თემები, რომლებზეც პრემიერთან შეხვედრაზე არასამთავრობო სექტორმა ისაუბრა

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საუბრობენ იმ საკითხების შესახებ, რომლებზეც პრემიერთან შეხვედრაზე ისაუბრეს. მათი ნაწილი პრემიერთან დაახლოებით 3-საათიანი შეხვედრის შემდეგ კმაყოფილებას გამოთქვამს.

“რა თქმა უნდა, დაისვა ინსტიტუციური რეფორმების გაგრძელების და სწრაფად გატარების მნიშვნელობა. ის დაგვეთანხმა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლოში მიმდინარე მოვლენები და თქვა, რომ ამ საკითხს უნდა მიექცეს ძალიან მაღალი დონის ყურადღება.

მან ასევე თქვა, რომ შსს-სა და პროკურატურის რეფორმების მიმართულებით მუშობა გასაგრძელებელია და მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი. იყო საუბარი დამოუკიდებელი საგამოიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე. ჩვენი მხრიდან ამას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, სასამართო რეფორმის დროულად გატარების მნიშვნელობაზე, იმიტომ, რომ დროს აქ შეიძლება აბსოლუტურად გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. საუბარი იყო სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე. მან დაგვიდასტურა, რომ ეს იქნება მისთვის ძალიან პრიორიტეტული საკითხი და ექნება ძალიან მკაცრი რეაქცია სამართალდამცავთა მხრიდან გადამეტებისა და უფლრბამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე. მას ასევე აქვს საინტერესო ხედვები ქალთა უფლებების თუ უმცირესობების მიმართულებით,”- აცხადებს საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ჟურნალისტებთან.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ცქიტიშვილმა კი აღნიშნა, რომ შეხვედრაზე დააყენა რელიგიური უმცირესობების შევიწროებაზე დროული რეაგირების აუცილებლობის საკითხი:

“მათ შორის, საკადრო ცვლილებები განხორციელდეს იმ რეგიონებში, სადაც მაღალჩინოსნები, განსაკუთრებით, ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნები, ნეგატიურ როლს ასრულებენ ამ პროცესებში და, შესაბამისად, საჭიროა, რომ ასეთ სენსიტიურ რეგიონებში ტოლერანტობით გამორჩეული ადამიანები ინიშნებოდნენ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე”-განაცხადა ცქიტიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეხვედრა დადებითან შეაფასეს.

“პრემიერ-მინისტრი დაგვპირდა, რომ სამოქალაქო სექტორთან ამ მთავრობას კონსტრუქციული ურთიერთობა ექნება და მთავრობა შეეცდება, რომ სამოქალაქო სექტორი ჩართული იყოს სხვადასხვა რეფორმების საკითხებში,”-ამბობს ჟურნალისტებთან საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს დირექტორი ეკა გიგაური.

ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის შემდეგ რიტორიკის შეცვლაზე ისაუბრა ალექსანდრე ცქიტიშვილმა:

“ჩვენ ვნახეთ წინამორბედი პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან, მსგავსი რიტორიკა რაკი იცვლება, ეს ნამდვილად მისასალმებელია,” – ამბობს ალექსანდრე ცქიტიშვილი.

ანა ნაცვლიშვილიც დადებითად აფასებს პრემიერის გადაწყვეტილებას, შეხვედროდა არასამთავრობო სექტორს. მისივე თქმით, პრემიერმა გამოთქვა მზაობა, რომ რამდენიმე თემატურ საკითხე მსგავსი შეხვედრები გაგრძელდეს. ნაცვლიშვილის თქმით, ამის სურვილი არასამთავრობო სექტორსაც აქვს.

“ეს იყო პირველი, პრინციპში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა და უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. პრემიერი ინტერესით ისმენდა ყველა იმ საკითხს, რაც დაისვა არასამთავრობო სექტორის მხრიდან. იყო საკითხთა საკმაოდ ფართო სპექტრი,”- ამბობს ნახვლიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი