ახალი ამბები

“საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” უსაფრთხოების ნორმების გაზრდას იწყებს

14 თებერვალი, 2011 • • 1643
“საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” უსაფრთხოების ნორმების გაზრდას იწყებს

“საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” ქვანახშირის საბადოებზე უსაფრთხოების ნორმების გაზრდის მიზნით მაღაროებში მეთანის გაზის ამოსატუმბ ჭაბურღილებს დაამონტაჟებს. კომპანიის ბიზნესის განვითარების დირექტორი გურამ ცანავა ამტკიცებს, რომ ამ პროექტის განხორციელების შემდეგ ქვანახშირის საბადოებში უბედური შემთხვევების რისკი “ცალსახად შემცირდება”.

“აღნიშნული საპილოტე პროექტი გულისხმობს ნახშირის საბადოებში წინასწარ დეგაზიფიკაციას. ეს გულისხმობს, რომ სანამ ნახშირის მოპოვება დაიწყება, ხდება ვერტიკალური ჭაბურღილების გაბურღვა და საბადოში არსებული მეთანის გაზის 70-75%-ის ამოტუმბვა,”- უთხრა “ნეტგაზეთს” გურამ ცანავამ.

პროექტის ღირებულება 500 მილიონ ევროს აჭარბებს და მისი განხორციელება ნაწილობრივ “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” ფინანსებით, ნაწილობრივ კი საერთაშორისო ბანკებისგან და ოპეკისგან მიღებული ფინასებით განხორციელდება.

გურამ ცანავა ამბობს, რომ კომპანიამ ოპეკში უკვე წარადგინა განაცხადი ნაწილობრივი დაფინასების მოთხოვნაზე. ოპეკიდან პასუხი 2011 წლის ზაფხულში იქნება. ცანავას თქმით, დადებითი პასუხის შემთხვევაში, გაზის ამოსატუმბი ჭაბურღილების მშენებლობა რამდენიმე თვეში საცდელ საბადოებზე დაიწყება და დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდება.

დამატებითი ფინასების მოზიდვის მიზნით დღეს სასსტუმრო რედისონში “საქართველოს ინდუსტტიული ჯგუფის” ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დასავლური საკრედიტო, საინვესტიციო და საინჟინრო-საპროექტო კომპანიების მენეჯერებმა.

“სიჯ” ამჟამად მოლაპარაკებას აწარმოებს ჩეხურ საინჟინრო-სამშენებლო კომპანია “ენერგიასთან”, ჩეხურ “შკოდა ინვესტთან”, “სოსიეტე ჟენერალეს” ჩეხეთის ბანკ “კომერც ბანკთან” და ქართულ “ბანკ რესპუბლიკასთან”, ასევე ჩეხურ-გერმანულ საინვესტიციო-საკონსულტაციო კომპანია GZMT-სა და  ასევე ჩეხურ სადაზღვევო ფირმა EGAP-თან.

აღნიშნულ კომპანიებთან “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” მოლაპარაკებას თითქმის ერთი წლის მანძილზე აწარმოებდა.

“საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” კუთვნილ მაღაროებში მეთანის გაზის აფეთქების შედეგად ბოლო ორი წლის მანძილზე ათამდე ადამიანი დაიღუპა.  ჰოლდინგის ბიზნესის განვითარების დირექტორი გურამ ცანავა ამბობს, რომ უბედური შემთვევები, ძირითადად, ადამიანური შეცდომებით იყო გამოწვეული. მისივე ინფორმაციით, კომპანიაში უსაფრთოების ნორმები იგივე რჩება, ოღონდ ამ წესების შესრულებაზე მონიტორინგი გამკაცრებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი