ახალი ამბები

არასამთავრობო ორგანიზაციები: სპეცუბნების გაუქმება პრობლემას ვერ მოაგვარებს

25 იანვარი, 2016 • 1206
არასამთავრობო ორგანიზაციები: სპეცუბნების გაუქმება პრობლემას ვერ მოაგვარებს

სამი არასამთავრობო ორგანიზაცია პრემიერ-მინისტრის მიერ „სპეცუბნების“ გაუქმებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კვირიკაშვილმა 25 იანვარს განაცხადა, რომ “საარჩევნო სპეცუბნების გაუქმების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია”.

პრემიერის ამ განცხადებას სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოეხმაურნენ.

“მეტი სიცხადისთვის უნდა განვმარტოთ, რომ სპეციალური საარჩევნო უბნების გაუქმება იმ ფორმით, რა ფორმასაც ხელისუფლება გვთავაზობს, არსებითად ვერ აგვარებს იმ პრობლემას, რაც წლების განმავლობაში არსებობს სამხედრო მოსამსახურეების არჩევნებში მონაწილეობის წესთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ორგანზაციებმა გაავრცელეს.

“მოცემულ საკითხზე ცვლილებების პროექტი შემუშავებული იქნა თავდაცვის სამინისტროს მიერ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის ინიციატივით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფორმატში. ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული პროექტით, სამხედრო მოსამსახურეებს კვლავ შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ მაჟორიტარულ არჩევნებში და ასევე, მერის/გამგებლის არჩევნებში მიუხედავად მათი განსხვავებული რეგისტრაციის ადგილისა. სწორედ ეს წესი იწვევს კრიტიკას ამომრჩეველთა რაოდენობის ხელოვნურად გაზრდის და სამხედრო მოსამსახურეების საარჩევნო მიზნით მანიპულაციის შესახებ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ” – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

მათი აზრით, ეს  “ერთი მხრივ, კითხვებს ბადებს არჩევნების სამართლიანად და კონკურენტულ გარემოში ჩატარების შესახებ და, მეორე მხრივ, ზიანს აყენებს საქართველოს შეიარაღებული ძალების რეპუტაციასა და პრესტიჟს”.

არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და არსებითი ცვლილებები მიიღოს მრავალწლიანი პრობლემის მოსაგვარებლად.

“სამხედრო მოსამსახურემ, სხვა მოქალაქეების მსგავსად, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის და თვითმმართველობის მაჟორიტარულ არჩევნებში, ასევე მერის/გამგებლის არჩევნებში, თუ მისი დისლოკაციის ადგილი იმ საარჩევნო ოლქის/ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში, რომელშიც ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არის რეგისტრირებული”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

მასალების გადაბეჭდვის წესი