ახალი ამბები

ზაზა ფაჩულია: ”ყველა ვარსკვლავის” თამაშზე მოხვედრაზე უფრო მეტი თქვენი სიყვარული და მხარდაჭერაა

22 იანვარი, 2016 • 1443
ზაზა ფაჩულია: ”ყველა ვარსკვლავის” თამაშზე მოხვედრაზე უფრო მეტი თქვენი სიყვარული და მხარდაჭერაა

NBA-ს All Star-ში მონაწილეობასთან დაკავშირებული კონკურსის დასრულებას ზაზა ფაჩულია ეხმაურება. იგი თავის გულშემატკივარს მადლობას უხდის.

“ძალიან დიდი მადლობა ყველას განურჩევლად, ასეთი დაფასებისთვის და თანადგომისთვის, ეს დღეები ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება ჩემს ცხოვრებაში. ”ყველა ვარსკვლავის” თამაშზე მოხვედრაზე უფრო მეტი თქვენი სიყვარული და მხარდაჭერაა. ძალა ერთობაშია”, – აცხადებს ფაჩულია.

NBA All-Star-ის გამოკითხვის საბოლოო შედეგებით, ზაზა ფაჩულიამ 768 112 ხმით დასავლეთ კონფერენციის წინახაზელებში მე-4 პოზიცია დაიკავა. “დალას მავერიკსის” ქართველ ცენტრს სასტარტო ხუთეულში მოსახვედრად 14 227 ხმა დააკლდა.

ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციის All-Star-ის გამოკითხვის საბოლოო შედეგებით, დასავლეთის და აღმოსავლეთის გუნდების სასტარტო ხუთეულების სია ასე გამოიყურება:

დასავლეთი

სტეფ კარი
რასელ უესტბრუკი
კობი ბრაიანტი
კავაი ლეონარდი
კევინ დურანტი
აღმოსავლეთი

დუეინ უეიდი
კაილ ლოური
ლებრონ ჯეიმსი
პოლ ჯორჯი
კარმელო ენტონი

სასტარტო ხუთეულს გულშემატკივრები ადგენდნენ, თუმცა სათადარიგო კალათბურთელებს უკვე მწვრთნელები აირჩევენ. აიყვანს თუ არა ზაზა ფაჩულიას დასავლეთ კონფერენციის მწვრთნელი სათადარიგო კალათბურთელთა შორის, ამას შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

“ყველა ვარსკვლავის” მონაწილე კალათბურთელების შესარჩევად ამერიკის ნაციონალური კალათბურთის ასოციაცია კონკურსს ონლაინ რეჟიმში, სოციალურ ქსელებში ატარებდა. გულშემატკივრებს საყვარელი სპორტსმენის სახელისა და ჰაშთაგის #NBAvote გამოყენებით შეეძლოთ მონაწილეობის მიღება ხმის მიცემის პროცესში. ერთი დღის განმავლობაში ერთი IP მისამართიდან მხოლოდ 1 ხმის მიცემა იყო შესაძლებელი. ხმის მიცემის პროცედურა 19 იანვარს, საქართველოს დროით, 08:59 საათზე დასრულდა.

წელს, NBA-ის ისტორიაში პირველად, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ვარსკვლავების მატჩი აშშ-ის საზღვრებს გარეთ გაიმართება. All-Star-ის მატჩი კანადაში, ტორონტოში 14 თებერვალს ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი