დღეს, 22 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გარდაცვლილი პროკურორის, ვახტანგ ქირიას მანქანა იპოვა.
E კლასის მერსედესი ნომრით FBI-010 ნუცუბიძის მე-4 პლატოზე იპოვეს. “ნეტგაზეთმა” შსს-ს ჰკითხა, თუ როდის და ვინ მიაწოდა ინფორმაცია მანქანის მდებარეობის შესახებ და იყო თუ არა დანაღმული მანქანა, თუმცა შსს-მ ამ კითხვებზე პასუხი არ გაგვცა.
“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ექსპერტ-კრიმინალისტები და გამნაღმველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, რის შემდეგაც მანქანა სპეციალურ სადგომზე გადაიტანეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი ვახტანგ ქირიაა ქავთარაძის ქუჩაზე გარდაცვლილი 17 იანვარს იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებულად ბიძინა კუჭავა ოფიციალურად 17 იანვარს გამოაცხადა. თუმცა, როგორც შს მინისტრის მოადგილის განმარტებებიდან ირკვევა, მკვლელობა 14 იანვარს მოხდა.
ოჯახი ვახტანგ ქირიას 14 იანვრიდან ეძებდა. 3 დღის განმავლობაში ის არ გამოცხადებულა სამსახურშიც. ამ დროის განმავლობაში პოლიციამ ვერ შეძლო მისი ადგილსამყოფელის დადგენა. საბოლოოდ ქირია თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იპოვეს მოკლული.