ახალი ამბები

კოჟორიძის განცხადებით, უახლოეს მომავალში შედგება შეხვედრა მთავარ პროკურორთან

21 იანვარი, 2016 • 1192
კოჟორიძის განცხადებით, უახლოეს მომავალში შედგება შეხვედრა მთავარ პროკურორთან

პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე გიორგი მარგველაშვილის მიერ დასმულ კითხვებთან დაკავშირებით პროკურატურის პასუხს აფასებს და აცხადებს, რომ კითხვები კვლავ არსებობს. პრეზიდენტს პროკურატურისგან წამების საქმეების გამოძების მიმდინარეობა აინტერესებდა.

კოჟორიძის განცხადებით, უახლოეს მომავალში შეხვედრები შედგება ირაკლი შოთაძესთან და უჩა ნანუაშვილთან.

პრეზიდენტის მრჩეველი პროკურატურის პასუხს მნიშვნელოვანს უწოდებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტმა საზოგადოების დაცულობის და ინფორმაციის მიწოდების მიზნით ითხოვა ადამიანის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის დანაშაულებზე არსებული ინფორმაციის გასაჯაროება.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, განხორციელდა თუ არა მართლმსაჯულება სისტემური და ძალადობრივი დანაშაულის მიმართ. კითხვები კვლავ არსებობს, მაგრამ პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია  იმაზე მეტი იყო, რაც დღემდე ჰქონდა საზოგადოებას. ამ საკითხით ჩვენ კვლავ დაინტერესებულნი ვართ და უახლოეს მომავალში შედგება შეხვედრები მთავარ პროკურატურასთან და სახალხო დამცველთან,” – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

13 იანვარს პრეზიდენტის მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ მთავარ პროკურორს ღია წერილი მისწერა, სადაც მას 6 შეკითხვა დაუსვა:

  1. წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მუხლებით რამდენი პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი?
  2. აღნიშნული გამამტყუნებელი განაჩენებიდან რამდენ პირს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება? თითოეულ შემთხვევაში რა სასჯელზე მოხდა შეთანხმება?
  3. აღნიშნული მუხლებით რამდენი პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის განხილვა სასამართლოში?
  4. იმავე მუხლებით რამდენი პირია ბრალდებულად ცნობილი? (ვგულისხმობთ საქმეებს, სადაც პირი ცნობილია ბრალდებულად, მაგრამ სასამართლოში არ არის საქმე გადაგზავნილი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.)
  5. იმავე მუხლებით რამდენ საქმეზე მიმდინარეობს და რა ეტაპზეა გამოძიება?
  6. რამდენი პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი ათასობით აღმოჩენილ უკანონო, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით? რამდენი პირის მიმართ არის დაწყებული დევნა?

ამ წერილზე გუშინ, 20 იანვარს პროკურატურამ ვრცელი პასუხი გამოაქვეყნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი