საზოგადოება

გამოქვეყნდა წამების საწინააღმდეგო კომიტეტის კრიტიკული ანგარიში საქართველოზე

18 თებერვალი, 2026 •
გამოქვეყნდა წამების საწინააღმდეგო კომიტეტის კრიტიკული ანგარიში საქართველოზე

ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა (CPT) გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოში პერიოდული ვიზიტის შესახებ, რომელიც 2024 წლის 18-დან 29 ნოემბრამდე და 2025 წლის 21-22 იანვარს ჩატარდა.

CPT-მა შეაფასა პოლიციის მიერ დაკავებულთა მიმართ მოპყრობა და გარანტიები, მათ შორის მათი, ვინც თბილისში 2024 წლის 29 ნოემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დააკავეს. დელეგაციამ ასევე შეამოწმა პირობები რამდენიმე სასჯელაღსრულების დაწესებულებასა და სამ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ძირითადი აქცენტით მკურნალობაზე, საცხოვრებელ პირობებსა და არანებაყოფლობითი ჰოსპიტალიზაციის სამართლებრივ გარანტიებზე.

„2024 წლის 28 ნოემბრამდე გამოკითხული დაკავებულების უმრავლესობა აცხადებდა, რომ პოლიცია მათ კორექტულად ეპყრობოდა. ამის საპირისპიროდ, CPT-მ მიიღო უამრავი საჩივარი არასათანადო მოპყრობის შესახებ იმ პირებისგან, რომლებიც თბილისში 2024 წლის 29 ნოემბრის აქციებზე დააკავეს. გამოკითხულთა უმეტესობას აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები, ზოგს მძიმე, რაც საჭიროებდა სასწრაფო სამედიცინო ჩარევას. მათ აღწერეს პოლიციის ქცევის მკაფიო მოდელი: ნიღბიანი და კაპიუშონიანი, არაიდენტიფიცირებადი პოლიციელები აწარმოებდნენ დაკავებებს ჯგუფურად, განურჩევლად ურტყამდნენ დაკავებულებს ხელებსა და ფეხებში, სხეულის სხვადასხვა ნაწილში და ემუქრებოდნენ. ცემა ხშირად მეორდებოდა რამდენიმე ოფიცრის მიერ ერთდროულად, მაშინაც კი, როცა პირებს ხელები ზურგს უკან ჰქონდათ შეკრული. თითქმის ყველა შემთხვევაში, ძალადობა წყდებოდა მას შემდეგ, რაც პირებს გადასცემდნენ პოლიციელებს, რომლებსაც ნიღბები არ ეკეთათ“, — აცხადებს ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი.

CPT იმეორებს თავის მრავალწლიან რეკომენდაციას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადადგას ნაბიჯები, რათა პოლიციამ დაკავებისას გამოიყენოს მხოლოდ აბსოლუტურად აუცილებელი და პროპორციული ძალა.

„არ შეიძლება არსებობდეს რაიმე გამართლება ძალადობისთვის იმ პირების მიმართ, რომლებიც უკვე პოლიციის კონტროლქვეშ არიან. კომიტეტმა ხაზი გაუსვა მასის მართვის ტექნიკებში წვრთნების გადაუდებელ საჭიროებას და იმას, რომ აქციებზე განლაგებულ ყველა ნიღბიან სამართალდამცავს უნდა ჰქონდეს თვალსაჩინო საიდენტიფიკაციო ნიშანი“, — ნათქვამია ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის პრესრელიზში.

ვითარება ციხეებში

ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი ეწვია ლაითურის №1 ციხეს, გლდანის №8 დაწესებულებას, ქსნის №15 დაწესებულებას და გლდანის ციხის საავადმყოფოს (№18 დაწესებულება), ასევე, ქუთაისის №2 ციხეს (ახლად შესახლებული ბრალდებულების გამოსაკითხად).

„საპატიმრო სისტემა ზოგადად არ იყო გადატვირთული, თუმცა ადგილობრივი გადატვირთულობა ნარჩუნდებოდა. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა ციხეში დაცული იყოს დადგენილი ლიმიტები, მრავალადგილიან საკნებში თითოეულ პატიმარზე 4 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის სტანდარტის გათვალისწინებით. არანაირი პროგრესი არ შეიმჩნევა ნახევრად ღია ტიპის ციხეების (ე.წ. „ზონების“) დახურვის კუთხით, სადაც კვლავ მწვავედ დგას ისეთი ქრონიკული პრობლემები, როგორიცაა გადატვირთულობა, პატიმართა განაწილების სწორი პოლიტიკის არარსებობა, ძალადობა პატიმრებს შორის, არაფორმალური იერარქიის გავლენა, აქტივობების სიმცირე და პერსონალის ძალიან დაბალი რაოდენობა“, — ნათქვამია ანგარიშში.

CPT-მა ხაზი გაუსვა ამ დაწესებულებების ჩანაცვლების საჭიროებას მცირე ზომის, მოდულური ციხეებით, რომლებიც ორიენტირებული იქნება რეაბილიტაციასა და ინდივიდუალურ აქტივობებზე და ეყოლება მეტი პერსონალი.

კომიტეტს არ მიუღია საჩივრები პერსონალის მხრიდან პატიმრებისადმი არასათანადო ფიზიკური მოპყრობის შესახებ. კომიტეტის შეფასებით, პატიმრებს შორის ძალადობა იშვიათი იყო დახურული ტიპის ციხეებში (№1, №2 და №8), განსხვავებით №15 დაწესებულებისა, სადაც ღია საკნების რეჟიმი და პერსონალის სიმცირეა. CPT მოუწოდებს ხელისუფლებას, ძალადობისა და დაშინების თავიდან ასაცილებლად ზომები გააძლიეროს, განსაკუთრებით ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში.

ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი აცხადებს, რომ ციხის რეჟიმების განვითარების კუთხით რეალური პროგრესის არარსებობა „ხელისუფლების ნამდვილი მარცხია“.

„პატიმრებს, როგორც წესი, არ ჰქონდათ ორგანიზებული აქტივობები საკნის გარეთ და ბევრი მათგანი დღეში 23 საათამდე დროს საკანში ატარებდა (გარდა №15 დაწესებულებისა). უფრო მეტიც, ბევრი პატიმარი თვეების, თუ არა წლების განმავლობაში იმყოფებოდა სამარტოო საკანში, ძალიან შეზღუდული ადამიანური კონტაქტით და ხშირად მუდმივი ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ. ეს მიუღებელია. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს და დანერგოს მიზნობრივი აქტივობების პროგრამები ყველა პატიმრისთვის და უზრუნველყოს რისკების შეფასებისა და სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის ღონისძიებების სრული განხორციელება, როგორც ამას პატიმრობის კოდექსი ითვალისწინებს“, — აცხადებს ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი.

ციხის ჯანდაცვის სერვისები, CPT-ის შეფასებით, ზოგადად კარგი იყო, შესვლისას საფუძვლიანი სამედიცინო შემოწმებითა და დაზიანებების სათანადო აღრიცხვით, თუმცა ფსიქიკური ჯანდაცვის უზრუნველყოფა არაადეკვატური რჩებოდა, ხოლო დამოკიდებულების მქონე პატიმრებისადმი მიდგომა ძირითადად დეტოქსიკაციით შემოიფარგლებოდა, არასაკმარისი ხელმისაწვდომობით ჩანაცვლებით თერაპიაზე.

„ყველა მონახულებულ ციხეში პერსონალის მწვავე დეფიციტი იყო, აკლდათ როგორც ზედამხედველები, ისე სოციალური მუშაკები, რაც შეუძლებელს ხდიდა ადეკვატური რეჟიმის შექმნას. №15 დაწესებულების მენეჯმენტი და პერსონალი იძულებული იყო, გარკვეული საზედამხედველო ამოცანებისთვის პატიმრებს დაჰყრდნობოდა. CPT ამ სიტუაციას სრულიად მიუღებლად მიიჩნევს“, — ნათქვამია პრესრელიზში.

კომიტეტი იმეორებს, რომ ყველა პატიმარს უნდა ჰქონდეს კვირაში მინიმუმ ერთი საათი პაემნის დრო და პაემნების ინფრასტრუქტურა უნდა გაუმჯობესდეს, რათა შესაძლებელი იყოს ღია ტიპის პაემნები.

ვითარება ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში

კომიტეტი ეწვია თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს (თბილისის ფსიქიატრიული საავადმყოფო), ასევე ხელვაჩაურისა (ბათუმის სამედიცინო ცენტრი) და ქუტირის (ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ხონის მუნიციპალიტეტში) ფსიქიატრიულ საავადმყოფოებს.

ანგარიშის თანახმად, პერსონალის მხრიდან პაციენტების არასათანადო მოპყრობის შესახებ საჩივრები არ დაფიქსირებულა, ხოლო პაციენტებს შორის ძალადობა იშვიათი იყო და პერსონალი მას სათანადოდ აკონტროლებდა. ასევე, ქუტირის საავადმყოფოში ჩატარდა მნიშვნელოვანი რემონტი და პირობები კარგი იყო, ისევე როგორც ხელვაჩაურში, თუმცა თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში პირობები გადაუდებელ გაუმჯობესებას საჭიროებდა და „შეიძლება შეფასდეს, როგორც ღირსების შემლახველი“. კომიტეტი აცხადებს, რომ ამ საავადმყოფოში პაციენტების საცხოვრებელი პირობები მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესდეს.

„ფსიქიატრიული მკურნალობა ძირითადად ეყრდნობოდა პირველი თაობის ანტიფსიქოზურ მედიკამენტებს, რაც გვერდითი ეფექტების რისკს შეიცავს“, — აცხადებს CPT და რეკომენდაციას უწევს მათი გამოყენების შემცირებას და საჭიროების შემთხვევაში ახალი თაობის მედიკამენტებზე გადასვლას.

„თერაპიული და სარეაბილიტაციო აქტივობები ძალიან შეზღუდული იყო, სხვა მიზეზებთან ერთად, პერსონალის ნაკლებობის გამო. საჭიროა მეტი ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ექთანი და დამხმარე პერსონალი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების მხარდასაჭერად. პაციენტებს, როგორც წესი, კვლავ უწევთ გადახდა არაგადაუდებელი სომატური ჯანდაცვისთვის, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს შეფასებასა და მკურნალობაზე. გარდა ამისა, სუფთა ჰაერზე გასვლა და აქტივობები უნდა გაფართოვდეს ყველა პაციენტისთვის, რაც შეძლებისდაგვარად შეუზღუდავ გარე ვარჯიშს უნდა გულისხმობდეს. შეზღუდვის მეთოდების გამოყენება ზოგადად პროპორციული იყო და არ ატარებდა გადაჭარბებულ ხასიათს, მაგრამ ქიმიური პრეპარატებით დამშვიდების შემთხვევები სათანადოდ არ ფიქსირდებოდა“, — მიიჩნევს კომიტეტი.

CPT მოუწოდებს ხელისუფლებას, ყველა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში თანმიმდევრულად დანერგოს შეზღუდვის საშუალებების გამოყენების სტანდარტები.

„ძალიან ცოტა „სამოქალაქო“ პაციენტს ჰქონდა გაფორმებული არანებაყოფლობითი მოთავსების ოფიციალური ბრძანება, მაგრამ ბევრი „ნებაყოფლობითი“ პაციენტი დე ფაქტო თავისუფლებააღკვეთილი იყო, ვერ ტოვებდა ჩაკეტილ განყოფილებებს, ხშირად ექვემდებარებოდა შეზღუდვის მეთოდებს და მოკლებული იყო არანებაყოფლობითი პაციენტებისთვის განკუთვნილ სამართლებრივ გარანტიებს. საჭიროა გადაუდებელი ნაბიჯები სამართლებრივი გარანტიების დაცვის უზრუნველსაყოფად. სასამართლო-ფსიქიატრიულ პაციენტებთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი დებულებები ზოგადად დაცული იყო. თუმცა მოთავსების გადასინჯვის პროცედურების დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამოუკიდებელი ფსიქიატრიული ექსპერტიზა“, — აცხადებს CPT.

კომიტეტის თანახმად, პაციენტები ხშირად გრძნობდნენ ვალდებულებას, დათანხმებოდნენ მკურნალობას, რის გამოც მათი თანხმობა ვერ ჩაითვლებოდა ნამდვილად ინფორმირებულად. CPT-ის აზრით, ყველა ფსიქიატრიულ პაციენტს, ნებაყოფლობითს თუ არანებაყოფლობითს, „სამოქალაქო“ თუ სასამართლო წესით მოთავსებულს, სრული თუ შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონეს, უნდა მიეცეს მკურნალობაზე თავისუფალი და ინფორმირებული თანხმობის გაცემის შესაძლებლობა.

„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ მიღებისას ყველა პაციენტს (და მათ ოჯახებს/მეურვეებს) სისტემატურად გადაეცეს საინფორმაციო ბროშურა პაციენტის უფლებების შესახებ“, — აღნიშნავს კომიტეტი და დასძენს, რომ გარე სამყაროსთან კონტაქტი პრაქტიკაში ზოგადად დამაკმაყოფილებელი იყო, განსაკუთრებით ოჯახის წევრების ვიზიტების კუთხით.

ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის სრული ანგარიში და საქართველოს ხელისუფლების პასუხი შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ბმულებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი