ახალი ამბები

კვირიკაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

19 იანვარი, 2016 • 1171
კვირიკაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. გიორგი კვირიკაშვილი შვეიცარიაში, რიგით 46-ე სესიაზე დასასწრებად, 20 იანვარს გაემგზავრება.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სესიაზე – Eurasia and the Modern Silk Road სიტყვით გამოვა. ასევე, მონაწილეობას მიიღებს “მსოფლიო ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაში”, სადაც განისაზღვრება მომავალი წლის ეკონომიკური პრიორიტეტები, დაესწრება სამუშაო შეხვედრებს სახელწოდებით, „შეხვდი ევროკომისიას” და “მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია: ევროპის ახალი დღის წესრიგი”.

გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის, პროფესორ კლაუს შვაბისა და მისი მეუღლის ჰილდე შვაბის სახელით გამართულ სადილს.

“დაგეგმილია შეხვედრები მსოფლიოს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან – მათ შორის, BP, Tata Sons Ltd, Lazard-ი, ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკისა და EBRD-ის პრეზიდენტებთან.

ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა ქვეყნის პირველ პირებთან, მათ შორის, შვეიცარიის კონფედერაციის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან, ყაზახეთისა და ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრებთან. ასევე, დაგეგმილია შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდთან. საქართველოს პრემიერი ასევე შეხვდება დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერს”, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, „საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი, შვეიცარიას 22 იანვარს დატოვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი