ახალი ამბები

კვირიკაშვილი: პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა აღარ უნდა იყოს მითქმა-მოთქმის თემა

19 იანვარი, 2016 •
კვირიკაშვილი: პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა აღარ უნდა იყოს მითქმა-მოთქმის თემა

“ მე მგონია, რომ პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში აღარ უნდა იყოს ასეთი მითქმა – მოთქმისა და დღის მთავარი თემების საგანი”, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, დაესწრება თუ არა პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას.

პრემიერის და მთავრობის წევრების დასწრების საკითხი პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის დროს დიდი დისკუსიის საკითხი იყო წინა პრემიერ-მინისტრის დროს, რადგანაც ირაკლი ღარიბაშვილი  და მისი მთავრობის წევრები არც ერთხელ არ დასწრებიან გიორგის მარგველაშვილის გამოსვლას პარლამენტში.

ახალმა პრემიერ-მინისტრმა ამ თემის კომენტირებისას ჟურნალისტებთან სახელმწიფო ინსტიტუციებზე ისაუბრა, თუმცა ნათლად არ უთქვამს, დაესწრება თუ არა პრეზიდენტის გამოსვლას.

“მე მგონია, რომ არსებობს საქართველოში ინსტიტუციები და ინსტიტუციებმა უნდა იმოქმედონ ისე, როგორც ინსტიტუციებს შეეფერება. პიროვნული ურთიერთობები უნდა გადავდოთ გვერდზე იმისათვის, რომ დავამშვიდოთ სიტუაცია, მაქსმალურად დავწიოთ პოლიტიკური ტემპერატურა და კონცეტრირება მოვახდინოთ გაცილებით უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე”, – განაცხადა კვირიკაშვილმა 19 იანვარს.

საქართველოს ყოფილმა  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასულ წელს განაცხადა, რომ ვერ ხედავს საჭიროებას, მთავრობის წევრები პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას დაესწრონ.

“მე არ ვთვლი საჭიროდ, რომ ასეთ გამოსვლებს, ჩვეულებრივია ეს გამოსვლები, და არ ვთვლი, რომ უნდა დაესწროს მთავრობა და მინისტრთა კაბინეტი და პრემიერ-მინისტრი”.

საქართველოს მთავრობის წევრები არც 2014 წელს დასწრებიან პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას.

ამ მოვლენებს წინ უძღოდა საქართველოს კიდევ ერთი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კრიტიკული გამონათქვამები გიორგი მარგველაშვილზე.  2014 წლის მარტში მან პირველად გააკრიტიკა საჯაროდ პრეზიდენტი და აღნიშნა, რომ ის გაოცებული და „იმედგაცრუებულია“ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილით.

მასალების გადაბეჭდვის წესი