ახალი ამბები

რეკომენდაციები H1N1 ვირუსის პრევენციისთვის

18 იანვარი, 2016 • 2637
რეკომენდაციები H1N1 ვირუსის პრევენციისთვის

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრიპის შემთხვევათა მატების ეტაპზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ ორსულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა.

“ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს ქრონიკული დაავადებების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის მქონე, დიალიზზე მყოფი ადამიანების ჯანმრთელობას”, – ამბობს ამირან გამყრელიძე, NCDC-ს ხელმძღვანელი.

ცენტრი მოსახლეობას ურჩევს, მოერიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებს, ხშირად დაიბანონ ხელები, მოერიდონ ადამიანების გადაკოცნას და გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართონ ექიმს.

ექიმთან მიმართვის კიდევ ერთი საბაბია, თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორებცაა სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ჩვილ ბავშვებში – ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოება, ყიფლიბანდის დაძაბულობა.

იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანს გრიპისმაგვარი ნიშნები უკვე აქვს, NCDC-ს სპეციალისტები პაციენტებს თვითიზოლაციას ურჩევენ. მაგალითად, მაღალი ტემპერატურის, თავის, კუნთების, სახსრებისა და ყელის ტკივილის შემთხვევაში სახლში დარჩნენ და ჯანმრთელ ადამიანებთან კონტაქტს მოერიდონ. ამასთან, მიიღონ სიცხის დამწევები [გარდა ასპირინისა], ტკივილგამაყუჩებელი და ბევრი სითხე.

“არ არის გამორიცხული, გრიპმა პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანიც კი მოკლას, გრიპი არ არის სახუმარო დაავადება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მოვუფრთხილდეთ საკუთარ თავს და გარშემომყოფებს”, – ამბობს ხათუნა ზახაშვილი, დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნეტგაზეთთან საუბარში.

დაავადებათა ცენტრის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში H1N1-ის ვირუსია გავრცელებული. გრიპის გავრცელების ინტენსივობა, როგორც ცენტრის სპეციალისტები აცხადებენ, საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ზღურბლს არ აჭარბებს. ამ ეტაპზე საქართველოში დაახლოებით 8928 ადამიანია ინფიცირებული H1N1 ვირუსით.

“ეს არის გრიპის ის ქვეტიპი, რომელიც საქართველოში აქტიურად ცირკულირებდა 2009-2011 წლებში, შესაბამისად, მოსახლეობაში გარკვეული იმუნური ფენა არსებობს ამ ვირუსის მიმართ. თვითონ ვირუსს რადიკალური ცვლილებები არ განუცდია და შეცვლილი არ არის, ანუ ის ჩამოყალიბებული იმუნური ფენა ასევე იმუნურად დახვდება ამ ვირუსის ცირკულაციას მიმდინარე სეზონში”, – ამბობს ზახაშვილი.

მისივე თქმით, დღეს შემთხვევათა 95%-ში ადამიანები ჩვეულებრივ, ყოველგვარი ჰოსპიტალიზაციისა და ექიმთან მიმართვის გარეშე მკურნალობენ. როგორც ზახაშვილი ამბობს, ძირითად შემთხვევებში, გართულებები არ ექნება პაციენტებს

“დაავადებულთა მცირე რაოდენობას ექნება უფრო მძიმე მიმდინარეობა, კიდევ უფრო მცირეს იმდენად მძიმე, რომ საჭირო იქნება ჰოსპიტალიზაცია და, სამწუხაროდ, შემთხვევათა გარკვეული წილი ლეტალურად დასრულდება”.

მიმდინარე წელს, ncdc-ს ცნობით, ქრონიკული დაავადების ფონეზ H1N1 ვირუსით საქართველოში ერთი ადამიანი დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი