„ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ენერგოპოლიტიკის კუთხით მთავრობა გამჭვირვალე იყოს”, – გაზპრომთან მოლაპარაკებების თაობაზე ეს განცხადება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ 18 იანვარს გააკეთა.
“ისინი [საქართველოს ხელისუფლება] საკმაოდ ღია არიან ჩვენთან, ჩვენ კი გამოვხატეთ საკუთარი პოზიცია, რომ არ უნდა გახდნენ დამოკიდებულნი ენერგიის ერთ წყაროზე და შეინარჩუნონ დივერსიფიკაცია. ჩვენ მათმა განმარტებებმა დაგვაკმაყოფილა. საქართველოს აქვს მოკლევადიანი ენერგეტიკული მარაგი და, ვფიქრობ, წინდახედული ნაბიჯია პოტენციურ ენერგომომმარაგებელთან საუბარი. რა თქმა უნდა, შეშფოთებული ვართ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით, თუმცა საქართველოს მთავრობას, ვფიქრობ, ესმის ეს გამოწვევები,“- განაცხადა იან კელიმ.
საქართველოს ხელისუფლებამ იანვარში განაცხადა, რომ ზამთრის პერიოდში აზერბაიჯანიდან შემოტანილი გაზი არსებულ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს და საჭიროა დეფიციტის რუსული “გაზპრომის” გაზით შევსება. 13 იანვარს, მთავრობის კანცელარიაში “სოკარის” ხელმძღვანელობასთან გამართული შეხვედრის შემდეგ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ წელს ვერ მოხერხდება არსებული დეფიციტის აზერბაიჯანული გაზით შევსება, რადგანაც საჭიროა ხანგრძლივი ტექნიკური სამუშაოების ჩატარება.
“გაზპრომთან” მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში გავრცელდა, თუმცა ხელისუფლება იანვრამდე უარყოფდა ინფორმაციას იმის შესახებ, საუბარი იყო “გაზპრომიდან” გაზის დამატებითი მოცულობის იმპორტზე და არა მხოლოდ გაზის ტრანზიტის საფასურად მიღებულ ბუნებრივ აირზე- გატარებული გაზის 10% -ზე.