ახალი ამბები

პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფო დროშის დღე საზეიმოდ აღნიშნეს

14 იანვარი, 2016 • 2874
პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფო დროშის დღე საზეიმოდ აღნიშნეს

14 იანვარს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში სახელმწიფო დროშის დღის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებები გაიმართა.

გიორგი მარგველაშვილი დღეს 100 სტუდენტს შეხვდა, რომლებმაც საქართველოს 9 რეგიონში სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს და დროშები სასახლეში ჩამოიტანეს.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღევანდელი დღე განსაკუთრებულია, რადგან საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ეროვნული დროშის ორიგინალი დამზადდა, რომელიც  დღეიდან საქართველოს გერბთან ერთად პრეზიდენტის სასახლეში შეინახება.

„დღეს, როდესაც ჩვენ ვზეიმობთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს, ჩვენ, ბუნებრივია, პირველ რიგში პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, ვინც ამ დროშისთვის ეწამა და სისხლი დაღვარა, ვინც ჩვენი სამშობლოსთვის დაიღუპა მრავალი საუკუნის განმავლობაში, ვინც იბრძოდა ჩვენი ქვეყნის ძლიერებისთვის. მარადიული ხსოვნა მათ ნათელ სახელებს!

ჩვენი დროშა ისტორიული სიმბოლოკის და ისტორიული გმირობის მატარებელია, მაგრამ არა მხოლოდ წარსულისკენაა მიმართული, არამედ მიმართულია მომავლისკენ, რადგანაც როდესაც ჩვენ ამ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო სიმბოლოს ირგვლივ ვერთიანდებით, ჩვენ ყველა ვფიქრობთ იმ გამარჯვებებზე, რომელსაც ჩვენ მომავალში მოვიმკით.

ჩვენ ყველა ვფიქრობთ იმ წარმატებებზე, რომლებიც ჩვენ მრავალსაუკუნოვან ერს უწერია. ჩვენ უბრალოდ აბსტრაქტულად კი არ ვცემთ პატივს სახელმწიფოებრივ სიმბოლოებს ან სახელმწიფოებრივ ინსტიტუტებს, არამედ ნათლად ვხედავთ, რომ ეს არის ინსტრუმენტები ჩვენი მთავარი მიზნების განსახორციელებლად, ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად, ჩვენი სახელმწიფოებრივი მიზნების მისაღწევად.

დროშას აღმართავენ მაშინ, როდესაც სულს სწყურია თავისუფლება! დღეს, როდესაც ჩვენ აღვმართავთ ამ დროშას, ჩვენ ვზეიმობთ ჩვენს დამოუკიდებლობას და ჩვენს თავისუფლებას.

ჩვენ აღვმართავთ ამ დროშას იმისთვის, რომ ყველამ დაინახოს, რომ ჩვენ თავისუფალი ხალხისგან შემდგარი თავისუფალი ქვეყანა ვართ და მეტიც, მზად ვართ დავიცვათ ეს თავისუფლება.

ამიტომ დღეს ამ დროშის ირგვლივ გაერთიანებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს გილოცავთ. გილოცავთ იმ მომავალ გამარჯვებებს, რომელსაც ჩვენ ერთად მივაღწევთ,“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დროშის დღის საზეიმო აღნიშვნა პრეზიდენტის სასახლეში. ფოტო – პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 14.01.2016

დროშის დღის საზეიმო აღნიშვნა პრეზიდენტის სასახლეში. ფოტო – პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 14.01.2016

მასალების გადაბეჭდვის წესი